ვიდეო
14 სექ, 2021 16:40
პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთ-ბელორუსის წვრთნების ფონზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ
170

ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები  სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების განსახილველად შეიკრიბნენ, რადგან რუსეთი და ბელარუსი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ შეხვედრაზე, ოთხმა ქვეყანამ მოითხოვა ევროკავშირისა და NATO-ს ერთიანობა წვრთნების წინააღმდეგ.

პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი ბელარუსიდან მიგრანტების მასიური შემოდინების მომსწრე გახდნენ, რაც მათი და ევროკავშირის აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ იყო ორკესტრირებული. მიგრანტების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, განსაკუთრებით ერაყიდან.

“შემაშფოთებელია, რომ ბელარუსის რეჟიმი არ აპირებს უარი თქვას ამ ტაქტიკაზე, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დიდი საემიგრაციო ზეწოლის წინაშე აღმოვჩნდეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოების საზღვარს, არამედ საზღვარს ევროკავშირთან”,- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ და დასძინა, რომ ქვეყნები ევროკავშირისგან დახმარებას ელოდებიან.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ ბელარუსი მიგრანტების გამოყენებით ჰიბრიდულ ომში არის ჩართული, თუმცა “ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი საკმაოდ კარგად უმკლავდებიან სიტუაციას და ამ დროისთვის NATO-ს დახმარება არ სჭირდებათ”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიიმეცმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა არ ესაზღვრება ბელარუსს, ის სოლიდარულია მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები “უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რეგიონში”.

მასიური სამხედრო წვრთნები 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 200,000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. 

13 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა სწავლებებს ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, მოსკოვის აღმოსავლეთით. რუსეთი ამტკიცებს, რომ წვრთნები არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ და მას რუსეთის საზღვრებთან და მისი მოკავშირეების მახლობლად NATO-ს აქტივობის ზრდაზე აუცილებელი პასუხი უწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, შეზღუდული გამჭვირვალობა, მანევრების ფართო კონტექსტი და თანმხლები ჰიბრიდული საქმიანობა ჩვენს შეშფოთებას იწვევს”,- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე გაიხსენა უკრაინის მახლობლად რუსეთის ჯარების მობილიზება მიმდინარე წლის დასაწყისში, რამაც კიევსა და დასავლეთში რუსეთის განზრახვების გამო შეშფოთება გამოიწვია.

მეტის ჩვენება