LIVE
ვიდეო
21 ივლ, 2021 19:00
EU უნგრეთს ფინანსური დახმარების წინაპირობად სასამართლო რეფორმას უყენებს
1091

ევროკომისია არ დაამტკიცებს უნგრეთის აღდგენის გეგმას, სანამ ის სასამართლო რეფორმას არ განახორციელებს და არ მისცემს გარანტიას, რომ კორუფციის საქმეებს გამოიძიებს,- განაცხადა იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა.

“უნგრეთში სისტემური პრობლემებია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და ევროკომისია მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი დემოკრატიის დასაცავად, მათ შორის ევროკავშირის სახსრების შეჩერება”,- თქვა რეინდერსმა hvg.hu-სთან ინტერვიუში. 

ფინანსური დახმარების პაკეტის შეჩერება ევროკავშირისთვის ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია. სწორედ ამ მექანიზმზე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაზე, კერძოდ, მართლმსაჯულების რეფორმის იმპლემენტაციაზე ისაუბრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ეს 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. 

სამშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ევროკომისიამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა პოლონეთსა და უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ევროკომისია აცხადებს, რომ ორივე ქვეყანა ძირს უთხრის მედიის პლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას. 

უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯუდიტ ვარგამ Facebook-ზე განაცხადა, რომ კომისარი უნგრეთს "აშანტაჟებს" ბავშვების დაცვის კანონის გამო, რომელიც კრძალავს "LGBTQ აქტივისტებისა და სექსუალურ პროპაგანდას უნგრეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში".

კომისია აცხადებს, რომ ეს ზომები LGBTQ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ზეწოლის საწინააღმდეგოდ LGBTQ კანონის შესაცვლელად რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა.

"როდესაც ჩვენს სამშობლოზე ზეწოლა ამდენად დიდია, მხოლოდ ხალხის ნებას შეუძლია დაიცვას უნგრეთი”,- თქვა ორბანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ