LIVE
ვიდეო
16 ივლ, 2021 16:20
პოლიტიკური კრიზისი ბიზნესს აზარალებს
1177

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარება ბიზნესს აზარალებს. კერძო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, არასტაბილური სიტუაცია პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.

მაშინ, როცა ქვეყანაში ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმზეა, ბიზნესმენები ამბობობენ, რომ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები მათ კიდევ უფრო მეტად უჭირთ, რადგან ბიზნესის საკეთებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი - სტაბილური და უსაფრთხო გარემო, დაიკარგა. 

"თბილისი ცენტრალის" დირექტორი, ლევან ყარალაშვილი, „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ 2022 წლისთვის, $60 მილიონის პროექტების განხორციელებას განიხილავდნენ, თუმცა დღეს სამომავლო გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

„ბიზნესის პირველი მტერი დღეს არასტაბილურობაა. როდესაც ქუჩაში ნადირობენ ტურისტებზე, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, ეს ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის მცირე ოპტიმიზმსაც კლავს, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირება შეიძლება. უბრალოდ, აფრიკის დონეზე დავდივართ“,- აცხადებს "თბილისის ცენტრალის" დირექტორი, ლევან ყარალაშვილი.

არასტაბილური ვითარების გარდა, ბიზნესმენები ინვესტორებისთვის კიდევ ერთ მთავარ პრობლემაზე - სასამართლოს სისტემაზე მიუთითებენ.

მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, რომ დროებით შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნა, მმართველმა პარტიამ ესეც არ გაითვალისწინა. მოსამართლეების ნაჩქარევი დანიშვნის გამო, შესაძლოა, ქვეყანამ ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღება ვერ შეძლოს, რაც ჯამში 60 მლნ ევროს შეადგენს. 

კერძო სექტორის შეფასებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისში პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, ეკონომიკური კრიზისიც შეიქმნა. სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს, ბიზნესი ვადამდელი და მიუკერძოებელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავს. სხვა შემთხვევაში, უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკის განვითარების პროგნოზებზე საუბარი აბსურდული იქნება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ