LIVE
ვიდეო
24 დეკ, 2023 12:50
წამლებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა არც ერთი კომპანიის ინტერესში არ შედის - PSP
439

PSP ქსელის დირექტორის, მამუკა ბრეგვაძის თქმით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ ბაზარს გარკვეული რყევები და დეფიციტი ახასიათებს, რაც არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი პროცესია.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, დეფიციტის შექმნა ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებში არ შედის.

რაც შეეხება ფასებს, PSP-ს დირექტორი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია არაზუსტია და რეალურად, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, სამინისტროს მიერ გავრცელებული ფასნამატებით არ იყიდება.

სამინისტროს მიერ ჩამოთვლილი მედიკამენტიდან მხოლოდ ერთი იყო იმპორტირებული, დანარჩენი არის ადგილზე შესყიდვა და ჩვენ არ გვაქვს საინვოისო თანხა, რადგან კომერციული საიდუმლოა. თუმცა თავად ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს ხედავს ელექტრონულად და თუ ამხელა ფასის მატება იყო, რატომ აქამდე არ დადგინდა რეფერენტული ფასი, ესეც საკითხავია. უკვე 2 ათას პროდუქტზეა რეფერენტული ფასები დადგენილი, ახლა დავიწყებთ მომწოდებლებთან საუბარს და შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში ვეღარ შემოვა. მთავარია, კონკრეტული გენერიკული მედიკამენტის რამდენიმე სავაჭრო დასახელება არსებობდეს, რომ მათ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ",- აცხადებს, PSP დირექტორი, მამუკა ბრეგვაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. უწყების თანახმად, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს, რაც შეთანხმების ეჭვს აჩენს. სამინისტრომ საკითხის შესწავლის მიზნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა. მედიკამენტების ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით, შესაძლოა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყოს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ