რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანიები რუსული მხარისგან ფასებთან დაკავშირებით ახალ შეთავაზებას ელიან.
როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი საქართველოს კვლავ დაბალ ფასად მიაწვდის საწვავს, კომპანიები ისევ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე გადაერთვებიან, რაც ადგილობრივ ბაზარზე ბენზინს გააიაფებს.
როგორც კავშირის თავმჯდომარემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ჯერჯერობით რუსეთის მიერ ქართველი იმპორტიორებისთვის შეთავაზებული ფასი თითქმის ევროპული საწვავის ღირებულების ფარგლებშია. თუმცა ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსთვის შედარებით დაბალ ფასად მიწოდებაზე.
„თუ რუსეთიდან მოწოდებული საწვავი ევროპულზე იაფი იქნება, ბუნებრივია, უარს არ ვიტყვით მასზე. ეს ბიზნესია და ნებისმიერი კომპანია, სადაც პროდუქციას იაფად ნახავს, იქ იყიდის. საწვავის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, საქართველოში მცირე მოცულობით უკვე შემოდის რუსული ბენზინი, თუმცა დიდი განსხვავება არაა ევროპული საწვავის ფასებისგან. ჩვენთვის ბუნებრივია, ფასია მთავარი განმსაზღვრელი და რუსულ მხარესთან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, რომ უფრო დაბალ ფასად მოგვაწოდონ საწვავი, რაც საბოლოოდ ბაზარზეც აისახება. თუმცა, თუკი იაფად არ მოგვაწვდის რუსეთი პროდუქციას, ბუნებრივია, უპირატესობა ევროპულ საწვავს მიენიჭება“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ადგილობრივი ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით სექტემბერში საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 17 ნოემბერს მოხსნა. თუმცა თავად რუსული მხარე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს აკრძალვა ისევ შევიდეს ძალაში.
რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ საქართველოში ევროპული და აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გააძვირა. ამ დროისთვის ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება 3.13 ლარიდან 3.22 ლარამდე მერყეობს.