ფოთის პორტის ტერიტორიაზე ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება, ხოლო ტერმინალი ოპერირებას შემოდგომაზე დაიწყებს. პროექტთან დაკავშირებით მოსმენა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გაიმართა.
პროექტს კომპანია Pace Group-ი ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 93 მლნ დოლარია. ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარის ფართობზე შენდება, მისი სიღრმე 13 მეტრს შეადგენს და ტერმინალი 50 ათასი ტონის ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.
„ახალი ნავმისადგომის საშუალებით შევძლებთ ისეთი ზომის გემების მიღებას, რისი საშუალებაც ამ დრომდე საქართველოს პორტებს არ აქვს. ყოველწლიურად კი მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით 5 მილიონი ტონა ტვირთი იქნება. მსოფლიოში არსებული პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მოსხნის შემდეგ ველით, რომ ტვირთებზე მოთხოვნა მზარდი იქნება, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზეც დადებითად აისახება“, - განაცხადა „პეის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა.