თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაგები-მაღლივის საბაგიროს მიმღებ პუნქტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს. ამის შესახებ ''ბიზნეს ფორმულას'' თსუ-ში განუცხადეს. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თბილისის მერიამ მათ განახლებული პირობები შესთავაზა, რაზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
'' შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ ვიცი, თუმცა მთავარი პირობა არის ის, რომ საბაგირო მალე უნდა ამუშავდეს და სტუდენტებმა განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლონ. განახლებული პირობების შესახებ თბილისის მერიამ წერილი რამდენიმე დღის წინ გამოგვიგზავნა, რაზეც უნივერსიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილების შესახებ მერიას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ'', განუცხადეს ''ბიზნეს ფორმულას'' თსუ-ში.
ბაგები-მაღლივის საბაგიროს რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სამუშაოებს შპს "საქსპეცტრანსი" ასრულებდა. რეაბილიტირებული საბაგიროს მეშვეობით "მაღლივი-ბაგების" მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება, თსუ-ს სტუდენტები კი საბაგიროთი უფასოდ ისარგებლებენ.