LIVE
ვიდეო
26 ივლ, 2023 15:20
საქართველოში ნუშის გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობაა - შეფერხდება, თუ არა მოსავლის აღება?
673

საქართველოში ნუშის მწარმოებელი ფერმერები მოსავლის აღებისთვის ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ ნუშის მოხმარების კულტურა ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია, მწარმოებლები ყოველწლიურად ცდილობენ დარგის გაძლიერებას და გასულ წელთან შედარებით, გაორმაგებულ მოსავალსაც ელიან. თუკი შარშან, ინდუსტრია იმპორტირებული ნუშის ჩანაცვლებაზე იყო ორიენტირებული, წელს ნუშის 90%-ს ექსპორტისთვის ამზადებენ.

როგორც ნუშის და კაკლის ასოციაციაში აცხადებენ, დარგის შემაფერხებელი ფაქტორი საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობაა. ამასთან, სასაწყობე მეურნეობები განვითარებული არ არის და ფიქრობენ, რომ საქართველოში არსებული ორი საწარმოს რესურსით, რთული იქნება ფერმერების მოსავლის დროულად ჩაბარება, ნუშისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება და ექსპორტისთვის გადამუშავება.

„შარშანდელთან შედარებით, მოსავალი გაორმაგდება იქიდან გამომდინარე, რომ ბაღები, რომლებიც გაშენდა, ყოველწლიურად მსხმოიარობის სხვადასხვა ფაზაში შედის. რაც შეეხება მოსავლის აღებას და გადამუშავების ტექნოლოგიას, არსებობს რისკები, რომ ამ კუთხით შეიქმნას პრობლემა. პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, ივაჭრება გატეხილ მდგომარეობაში. შესაბამისად, ქვეყანაში საჭიროა უფრო მეტი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ფერმერებისგან მიიღებენ მოსავალს, გადაამუშავებენ და გაყიდიან“, - აცხადებს ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი, თორნიკე ლათათია.

გასულ წელს, ნუშის მოსავლის რეალიზებით, საქართველომ 2.23 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო. გასაყიდმა ფასმა კილოგრამზე საშუალოდ 3,92 დოლარი შეადგინა. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს ფერმერები სავარაუდოდ, 3 500-დან 4 000 ტონამდე გაუტეხავ ნუშს მიიღებენ. მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოდან დაიწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ