LIVE
ვიდეო
25 ივლ, 2023 14:25
მსოფლიოში 735 მილიონი ადამიანი შიმშილობს
606

სხვადასხვა კრიზისის გამო, 2019 წელთან შედარებით, დღეს მსოფლიოში 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია გაეროს ხუთი სააგენტოს ერთობლივ ანგარიშში "სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის მოხმარება მსოფლიოში" (SOFI).

დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს 691-დან 783 მილიონ ადამიანამდე შიმშილობდა, რაც საშუალოდ 735 მილიონი ადამიანია. ეს პანდემიამდელ მონაცემებს 122 მილიონით აღემატება. 2019 წელს ეს რიცხვი 613 მილიონი იყო.

რიცხვის ზრდას ექსპერტები პანდემიას, ბუნებრივ კატასტროფებსა და კონფლიქტებს, მათ შორის, უკრაინაში ომს უკავშირებენ.   

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო სურსათის პროგრამა (WFP)  აცხადებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შიმშილის დასრულების თაობაზე მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლისათვის ვერ მივაღწევთ.  

"ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება ჩვენთვის მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის სამიზნის – ნულოვანი შიმშილის – მიღწევა. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის თითქმის 600 მილიონი ადამიანი იშიმშილებს. სასურსათო დაუცველობისა და მალნუტრიციის გამომწვევი მთავარი მიზეზები ჩვენს "ახალ ნორმად" იქცა და სხვა არჩევანი აღარ გვაქვს – უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნისთვის, მდგრადი განვითარების მეორე მიზნის (SDG2) მისაღწევად", - აღნიშნავენ სააგენტოების ხელმძღვანელები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელი მძიმე იყო სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხმარების მიმართულებით. მსოფლიო მოსახლეობის 29.6%-ს, ანუ 2.4 მილიარდ ადამიანს, არ ჰქონდა მუდმივი წვდომა საკვებზე – ეს განიხილება როგორც სურსათის დაუცველობის ზომიერი ან მძიმე გავრცელება. 

ამასთან, გაუარესდა ჯანსაღ კვებაზე წვდომის შესაძლებლობა: 2021 წელს მსოფლიოში 3.1 მილიარდ ადამიანს, რაც 42%-ს შეადგენს, ჯანსაღი კვებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ეს მონაცემი, 2019 წელთან შედარებით, 134 მილიონით მეტია.  

მილიონობით ხუთ წლამდე ბავშვი არასწორი კვებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის. 2022 წელს, ხუთ წლამდე ასაკის 148 მილიონ ბავშვს სიმაღლეში ჩამორჩენა აღენიშნა, 45 მილიონს – გამოფიტვა, ხოლო 37 მილიონს – ჭარბი წონა.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ