LIVE
ვიდეო
27 ივნ, 2023 10:40
კერძო სკოლების ფასი საქართველოში საშუალოდ 6500 ლარია
1481

საქართველოში კერძო სკოლების ფასი მზარდია და 2023 სასწავლო წელს საშუალოდ 6500 ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ამის შესახებ საუბარია TBC Capital-ის კვლევაში, სადაც აღნიშნულია, რომ მომდევნო წელსაც მოსალოდნელია ფასების 5-10%-იანი ზრდა.

კერძო სკოლების ფასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სასწავლო გეგმა, სპეციალიზებული პროგრამები, პერსონალი, კლასის ზომა, ინფრასტრუქტურა, მდებარეობა და მოსწავლეებზე პერსონალიზებული ყურადღება. 

მოსახლეობის შემოსავლების ანალიზის თანახმად, საშუალოდ ქართული ოჯახი მიმდინარე წელს შემოსავლის დაახლოებით 37%-ს ხარჯავს კერძო სკოლის გადასახადში. 

გასული 5 წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი პანდემიურ 2020 წელს იყო, რასაც კვლევითი ორგანიზაცია მოსახლეობის შემცირებული შემოსავლით ხსნის. 

"ბოლო ორი წელი კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის საფასური არ შემცირებულა, კერძო სკოლებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა გაზრდილი საშუალო შემოსავლებით აიხსნება", - აღნიშნულია კვლევაში. 

2023 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა წლიურად 6%-ით გაიზარდა, რაც შემოსავლების ზრდასთან ერთად, კერძო სკოლების მიერ მიწოდებული სერვისებსა და ხარისხს უკავშირდება. 

2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოში არსებული 2 308 სკოლიდან 216 კერძოა. 2018 წელს მათი რიცხვი 223-დან 228-მდე გაიზარდა. მომდევნო წლებში სკოლების რიცხვი შემცირდა, რასაც TBC Capital-ი ბაზარზე არსებული კონკურენციითა და მზარდი ფიქსირებული ხარჯებით ხსნის.

კვლევის თანახმად, არსებული შემოსავალი მზარდი წლიური ხარჯების დასაფარად არასაკმარისია. სკოლებისთვის პრობლემაა როგორც მოსწავლეების რიცხვის, ასევე გადასახადის გაზრდა, რადგან ამ შემთხვევაში, მათ სერვისის ხარისხის გაუმჯობესება უნდა შესთავაზონ, რაც თავის მხრივ, ხარჯების ზრდას იწვევს. სიტუაციას ამწვავებს პანდემიის შედეგად ბაზარზე გაჩენილი ახალი მოთხოვნები, რომელთა დაძლევაც ზოგიერთი სკოლისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. 

სკოლების რიცხვის კლებისა და მოსწავლეების მატების გამო, კერძო სკოლებში მოსწავლეების საშუალო მაჩვენებელი 295-მდე გაიზარდა, რაც საჯარო სკოლის მოსწავლეების საშუალო რიცხვს - 273-ს აჭარბებს. 

2022-2023 სასწავლო წლის სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეების 89.9% საჯარო, 10.1% კი კერძო სკოლებში სწავლობს. 

კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლების პერიოდში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. კერძო სკოლების საშუალო EBITDA მარჟა სტაბილურია, თუმცა 2020 წელს მარჟამ 25%-ს მიაღწია, რაც აღნიშნულ პერიოდში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად შემცირებული საოპერაციო ხარჯებით აიხსნება. რაც შეეხება წმინდა მოგების მარჟას, 2020 წელს 13%-დან 10%-მდე შემცირდა წინა წელთან შედარებით. 2021 წელს გაზრდილი წმინდა მოგების შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალ ნიშნულს, 18%-ს დაუბრუნდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ