LIVE
ვიდეო
02 ივნ, 2023 14:25
საქართველოში საწვავი ძვირდება
1001

საქართველოში საწვავი ძვირდება, რეგულარის ტიპის საწვავზე 5-დან 10 თეთრამდე ზრდა უკვე შესამჩნევია ტაბლოებზე. ამასთან, ნავთობიმპორტიორები ელიან, რომ მომდევნო ერთ თვეში ზრდა გაგრძელდება და ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ბენზინი 10-დან 20 თეთრის დიაპაზონში გაძვირდება. საუბარია, რეგულარის ტიპის ე.წ. იაფ რუსულ საწვავზე.

ამასთან, სახეზეა ტენდენცია, რომ ბრენდირებული, მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიებისა და ე.წ. არაბრენდირებული კომპანიების რეგულარის საწვავის ფასი ერთმანეთს გაუთანაბრდა. "ბიზნეს ფორმულასთან" ნავთობტრეიდერი გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ ამის მიზეზი რუსეთიდან შემოტანილი საწვავის მარაგების სიმცირეა. 

"თავდაპირველი გაიაფებისას პატარა კომპანიები დაბალ მარჟებზე მუშაობდნენ იმის გამო, რომ დაბალი ფასით მსხვილი კომპანიებისთვის გაეწიათ კონკურენცია, თანაც მათ უფრო მცირე რაოდენობები შემოაქვთ და დიდი მარაგები არ აქვთ. და ახლა როცა შეხედეს მდგომარეობას და ფასების ზრდის ტენდენციას, გაზარდეს. ამჯერად, ფასს ინარჩუნებს ის ვისაც მარაგები დარჩა, სხვა შემთხვევაში რუსული საწვავი უკვე ძვირად იყიდება,"- აცხადებს კაპანაძე. 

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირის მონაცემების თანახმად, იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა - თითქმის 300 000 ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 48,7 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 1200 ტონა - 0,3%, ბელარუსი, უკრაინა და რუმინეთი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ