LIVE
ვიდეო
15 მაი, 2023 17:20
შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების წესის აღსრულება იწყება
1096

მიმდინარე წლის ზაფხულიდან ახალაშენებულ შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინება და დაცვა სავალდებულო გახდება. მთავრობის დადგენილება ეხება იმ ძველ ნაგებობებსაც, რომლებიც კაპიტალურ რეკონსტრუქციას განიცდიან.

მინიმალური მოთხოვნები დაცული უნდა იყოს ახალი შენობის დაპროექტების ეტაპზევე და პროექტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მასზე სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა.

#354 დადგენილება გასული წლის ივნისში შევიდა ძალაში, თუმცა აღსრულება ამ დრომდე არ დაწყებულა, რის მიზეზადაც ეკონომიკის სამინისტროში ენერგოეფექტურობის ექსპერტების (ენერგო ინსპექტორები, ენერგო აუდიტორები, გათბობა-გაგრილების ინსპექტორები) ნაკლებობა ასახელებენ. სწორედ აღნიშნული უწყებაა სამშენებლო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი რგოლი.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, არსებულ დადგენილებაში ცვლილება შევა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის გაცემას უკავშირდება. სპეციალური პროგრამა საქართველოს ენერგო სექტორის რეფორმის პროექტის (GESRP) ფარგლებში შემუშავდა, რომლის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანული საკონსულტაციო კომპანია GOPA intec უჭერს მხარს. როგორც კომპანიის უფროსი მრჩეველი, ვახტანგ ბეგაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, პროგრამის მიერ გაცემული დეკლარაცია ექსპერტის დასკვნის ტოლფასი იქნება და მის გამოსაყენებლად ქვეყანაში 3 500 არქიტექტორი გადამზადდება.

„ეს სოფთვეარი ჩვენი პროგრამის ფარგლებში გერმანული კვლევითი ცენტრი Fraunhofer-ის მიერ შემუშავდა და რამდენიმე კვირაში ხელმისაწვდომი გახდება ყველა არქიტექტორისთვის. შუა მაისიდან ჩვენ დავიწყებთ არქიტექტორების მომზადებას, რათა შეძლონ სოფთვეართან მუშაობა, რის საფუძველზეც მიიღებენ შესაბამისობის დეკლარაციას,“ - ამბობს ვახტანგ ბეგაშვილი.

ენერგოეფექტურობა საქართველოსთვის, როგორც ენერგიის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია. 2011-2022 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება 68%-ით, იმპორტი კი 3-ჯერ გაიზარდა. მზარდი მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტიც სახელდება, რომ ქვეყანა ენერგოეფექტურობის კუთხით მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ ენერგიას შენობები და ტრანსპორტი იყენებს. რეფორმის ამოქმედების შემდგომ კი, მოსახლეობის მიერ შენობებში მოხმარებული როგორც ელექტროენერგიის, ისე გაზის მოცულობა შემცირდება. ამასთან, მოსახლეობას წინასწარ ეცოდინება თუ რა მოცულობის ენერგორესურსი დასჭირდება პირობითად, ზამთრის პერიოდში კონკრეტული ფართის გასათბობად.

ენერგოეფექტურობის კომპონენტი დამატებით ინვესტიციას მოითხოვს სამშენებლო კომპანიებისგან. ცვლილების შედეგად, შენობის თვითღირებულება სავარაუდოდ 5-10%-ით გაიზრდება, სამაგიეროდ, მოხმარების ხარჯები 40%-ით დაიკლებს.

„ეს დადგენილება არის მნიშვნელოვანი ცვლილება ქვეყნისთვის და კომპანიებს, რომლებიც არ აშენებდნენ ენერგოეფექტურ კორპუსებს, ამ მხრივ გარკვეული ინვესტიციის ჩადება მოუწევთ. რაც შეეხება ენერგიის დაზოგვას, რამდენადაც ჩვენი მომხმარებლისგან ვიცით, რომ დაახლოებით 30%-ით შემცირებული აქვთ კომუნალური გადასახადი“ - ამბობს შიო ხეცურიანი, „არქის“ გენერალური დირექტორი.

სამომავლოდ რეფორმის ფარგლებში შენობებს ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით მიენიჭება შესაბამისი კლასი - A-დან F-ის ჩათვლით. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს წინასწარ ეცოდინება კონკრეტული ნაგებობა რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შენობებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის დანერგვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ