საქართველოში სოციალური მეწარმის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე კვლავ მოუწესრიგებელია.
ამ ფონზე, 150-მდე სოციალური საწარმო გამოწვევების წინაშეა, რადგან მათი ბუნდოვანი სტატუსი ფინანსებზე წვდომას კიდევ უფრო ართულებს. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან სოციალური საწარმოებით დაინტერესება და მხარდაჭერა საკმაოდ ფრაგმენტულია.
"სოციალური მეწარმეობა რომ ვითარდება ეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების დამსახურებაა, დღემდე უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რის გამოც, სოციალურმა მეწარმეებმა არ იციან რა არის მათი სტატუსი," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას სოციალურ საწარმოთა ალიანსის დირექტორი, სალომე კუსიანი.
როგორც სექტორში განმარტავენ, სოციალური მეწარმეები აღიარებულებიც კი არ არიან, შესაბამისად როდესაც საქმიანობას იწყებენ და ბიზნეს ოპერატორები ხდებიან რეგისტრირდებიან როგორც შპს, ააიპი ან ინდ. მეწარმე. შპს-ს სტატუსის შემთხვევაში, სოციალურ საწარმოებს კიდევ უფრო უმცირდებათ გრანტებზე წვდომა, რაც ხშირად მათი ფუნქციონირების ერთადერთი გარანტია. ხოლო როდესაც ააიპებს - ანუ არა კომერციულ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი ვერ ხდებიან.
სოციალური მეწარმეობა ისეთ ბიზნეს მოდელს წარმოადგენს, რომელიც ყალიბდება, როგორც მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი. ხელს უწყობს ადამიანების დასაქმებას და მოგების ნაწილს მიმართავს ისეთი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის სიღარიბის დაძლევა, ჯანდაცვა, გარემოსდაცვა თუ სხვა.