ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის შეფასებით, პრობლემაა, რომ ბიზნესი რეაგირებას ხშირ შემთხვევაში აგვიანებს.
ხაზარაძის თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირების გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნას, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები და თავისუფლებაა.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ბიზნესს გაგვაჩნია, არის ის, რომ ვაკვირდებით და ხშირ შემთხვევაში ვაგვიანებთ რეაგირებას.
არსებობს რისკები, რომლებსაც ყველა ბიზნესი აფასებს. ეს რისკები, ხშირ შემთხვევაში შექმნილია მათი გარკვეული ქმედებიდან გამომდინარე, ხშირად კი იმ ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
დღეს თქვენთან რომ ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ამის გამო შეიძლება პრობლემები არ შემექმნას, მაგრამ ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთო, როგორ იცხოვრო, რა ღირებულებით იარო და იყო თუ არა თავისუფალი. ყოველთვის მქონდა საშუალება, რომ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. ვთვლი, რომ თუ ეს პოზიცია ემსახურება, არა მხოლოდ პიროვნულ ინტერესს, არამედ ემსახურება საზოგადოების ტკივილს და ქვეყნის განვითარების ხედვას, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ პოზიციაზე დავდგე“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.
ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, როცა სტრატეგიული პარტნიორები, ევროპა და ამერიკა მოგვიწოდებენ, რომ კანონი არ მივიღოთ, თუ ამ სამყაროს ნაწილი გვინდა გავხდეთ, მას არც უნდა განვიხილავდეთ.
საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში 7 და 8 მარტს მასშტაბური, მშვიდობიანი აქციები გაიმართა, რომლებიც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
შსს-ს ინფორმაციით, 7 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. ბოლო 2 დღეში კი აქციებზე სულ 133 ადამიანია დაკავებული.
დღეს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გაიწვევს. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონპროექტის ორივე ვერსიას უკან გაიწვევს.