LIVE
ვიდეო
04 მარ, 2023 18:00
ვცხოვრობთ თუ არა უსაფრთხო კორპუსებში - რას შეცვლის "ევროკოდები?"
695

2024 წლიდან საბჭოთა მშენებლობის სტანდარტები ახალი - ევროპული ნორმებით ჩანაცვლდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული ნორმებით აშენებული შენობები უსაფრთხოების სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს.

დღემდე ქვეყანაში თითოეული შენობა-ნაგებობა საბჭოთა ნორმებით ე.წ. სნიპებით შენდება, რაც 90-იან წლებში შექმნილ სეისმურ რუკას ეფუძნება და მას შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი "ბიზნეს ფორმულას" უყვება, რომ ახალი სეისმური რუკა ამერიკელ მეცნიერ კოლეგებთან ერთად 2018 შეიმუშავეს, თუმცა კანონში ცვლილებები არ შესულა და ძველი არ ჩაუნაცვლებიათ.

"ჩვენ ახალ სტანდარტზე გვინდოდა გადასვლა და რუკები ბალების ნაცვლად აჩქარებებში გავაკეთეთ, მაგრამ მოვიდნენ მშენებლები, ვერ ვიგებთ და ბალებში დაგვითვალეთო გვთხოვეს, სერიოზული პრობლემებია ცოდნის მიმართულებით, სწყინთ ასე რომ ვამბობ, თუმცა სიმართლეა," - აცხადებს თეა გოდოლაძე. 

სპეციალისტების განმარტებით, თბილისში კორპუსებისა თუ სხვა შენობების აშენება 8 ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, თუმცა ახალი რუკებით, ეს მაჩვენებელი შეცვლილია და თითქმის 11 ბალის ეკვივალენტია.

ევროკოდებით შენობების დაპროექტება სრულიად ახალ, უსაფრთხო სტანდარტებზე გადასვლას ნიშნავს. ევროკოდი მშენებლობის ევროპული სტანდარტებია. ჯამურად 10 ევროკოდი, ანუ 10 ნორმა მოქმედებს, საიდანაც თითოეული თავი ეთმობა კონკრეტულ საკითხს, მაგალითად, რა მასალით უნდა აშენდეს ესა თუ ის შენობა, რამდენი უნდა იყოს კედლის სისქე და სხვა არა ერთი ტექნიკური პარამეტრი, რომელიც შენობის მდგრადობას განაპირობებს. ამასთან, ყველაზე მთავარი, მათ შორის, მე-8 თავია - სეისმომედეგობის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს და აფასებს, რაზე უნდა იყოს გათვლილი შენობა და მისი სეისმომედეგობა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ