LIVE
ვიდეო
18 თებ, 2023 11:00
ზარი შემოსავლების სამსახურიდან - რას უმოწმებს უწყება ონლაინ გამომწერებს?
632

საქართველოში ბოლო პერიოდში ონლაინ გამოწერები განსაკუთრებით მზარდია. უცხოეთიდან გაზრდილი გამოწერების პარალელურად, მომხმარებლებთან შემოსავლების სამსახურიდან სატელეფონო ზარები გააქტიურდა. „ბიზნეს ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ უწყება ამ ფორმით პირადი და ეკონომიკური საქმიანობების გამიჯვნას ცდილობს.

უფრო კონკრეტულად, მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ურეკავენ და ეკითხებიან, ხომ არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, რადგან ხშირი გამოწერები უფიქსირდებათ. ჩვენთან საუბარში მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ უცხოეთიდან საქონელს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იწერს. გამოწერას კი ადგილობრივ ბაზარზე მზარდი ფასების გამო ანიჭებენ უპირატესობას.

შემოსავლების სამსახურის ამ ფორმით კომუნიკაცია მიუღებელი და არასერიოზულია სპეციალისტებისთვის. ისინი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობენ. არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ 300 ლარამდე და 30 კილომდე საქონელი არ იბეგრება. თუმცა, ამ ზღვრის დაცვის შემთხვევაშიც განმარტებული არ არის, რა ითვლება ეკონომიკურ საქმიანობად, რაც გაუგებრობას იწვევს. როგორც Kreston papiashvili consulting group-ის თავმჯდომარე დავით პაპიაშვილი ამბობს, ელექტრონული კომერცია მზარდი და შეუქცევადი პროცესია ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფომ ამ ტენდენციას ფეხი აუწყოს და ონლაინ ბიზნესის განვითარებასა და გაჯანსაღებაზე იზრუნოს.

„მსოფლიოში მომხმარებლის ქცევა იცვლება. მით უმეტესს საქართველოში, სადაც უცხოეთიდან შეიძლება ბევრად იაფად ჩამოიტანო ნივთი და მართლა შენთვის გინდოდეს. ამიტომ, შემოსავლების სამსახურმა ახალ ტენდენციებს უნდა აუწყოს ფეხი,  მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და გამიჯნოს რამდენი მსგავსი ნივთის გამოწერა შეიძლება ჩაითვალოს არა პირადი მოხმარებისთვის, არამედ ეკონომიკური საქმიანობისთვის,“ - ამბობს პაპიაშვილი.  

„ბიზნეს ფორმულა“ კომენტარისთვის შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში საკითხზე დამატებითი განმარტება არ გააკეთეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ