LIVE

ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ ტაივანთან ახლოს არ იფრინონ

03 აგვ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ ტაივანთან ახლოს არ იფრინონ

ჩინეთი აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ფრენებს ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებში, სადაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ, სამხედრო წვრთნებს ატარებს. 

ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებულია საჰაერო სივრცის ექვსი ტერიტორია, რომლებიც "სახიფათო ზონებად" მიიჩნევა. ფრენები 4 აგვისტოს 12 საათიდან 7 აგვისტოს 12 საათამდე იზღუდება. 

ჩინეთის Xiamen Airlines-მა განაცხადა, რომ ცვლის რამდენიმე ფრენის მარშრუტს, რასაც ფუძიანში "ნაკადის კონტროლით" ხსნის. 

Korean Airlines გეგმავს, რომ სამხრეთ აზიისკენ ზოგიერთი მარშრუტი შეცვალოს, რათა თავიდან აიცილოს ტაივანის საჰაერო სივრცეში მოხვედრა ჩინეთის სამხედრო წვრთნების პერიოდში.

Cathay Pacific Airways პილოტებს ურჩევს, რომ ტაივანის გარშემო გადაადგილებისთვის იქონიონ დამატებითი საწვავი.

ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ადგილობრივმა ფილიალებმა ასევე გამოსცეს გაფრთხილებები გემებისთვის, რომლებიც გადიან გარკვეულ ტერიტორიებზე.

აშშ-ისა და ჩინეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ავიახაზების შეფერხება ემთხვევა პერიოდს, როცა კომპანიები უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ მიწოდების გლობალურ პრობლემას ებრძვიან. უცნობია გაგრძელდება თუ არა ფრენების შეზღუდვა 7 აგვისტოს შემდეგ, რაც ემატება მიწოდების ჯაჭვის პრობლემითა და პროდუქტების ფასების ზრდით გამოწვეულ შეშფოთებას. 

Variflight-ის თანახმად, ტაივანთან ახლოს მდებარე აეროპორტებში ფრენების ნაწილი გაუქმდა, თუმცა რეისების უმრავლესობა ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

ამ შეტყობინების შემდეგ, სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტრომ  ადგილობრივ ავიაკომპანიებს გაუგზავნა კიდევ ერთი შეტყობინება და ტაივანის მიმართულებით მიმავალი ფრენების უსაფრთხოება დაუდასტურა.  

ერთ-ერთი წამყვანი კორეული ავიაკომპანია Asiana Airlines რეისებს უცვლელად ასრულებს. ასევე იაპონურმა ANA Holdings-მა და Japan Airlines-მა განაცხადეს, რომ მათი ფრენები ტაივანში და უკან ჩვეულ რეჟიმში სრულდებოდა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაიპეიში გუშინ საღამოს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.

ის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ეწვია ტაივანს გასული 25 წლის განმავლობაში. ჩინეთმა დაგმო პელოსის ვიზიტი და გამოაცხადა საპასუხოდ მიღებული ეკონომიკური და სამხედრო ზომების სერია. 

ჩინეთი კუნძულს ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს. ტაივანი აშშ-სა და ჩინეთს შორის ყველაზე სენსიტიურ საკითხად რჩება, რომელმაც შესაძლოა, ერთ დღეს სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია