LIVE

სმენის სახლი - პერსონალური გამოცდილებით შექმნილი ბიზნესი

29 ივლ 202220:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 829
სმენის სახლი - პერსონალური გამოცდილებით შექმნილი ბიზნესი
ეკატერინე თორთლაძემ „სმენის სახლი" იმ გამოცდილებით შექმნა, რაც წლების განმავლობაში, საკუთარი შვილის სმენითი დაქვეითებისთვის საჭირო თერაპიის ძიებისას დაუგროვდა. დღეს მისი კომპანია სხვა ბავშვებს ეხმარება სმენითი პრობლემების გადაჭრაში და უკეთ სოციალიზაციაში.
 
ამ ბიზნესის შექმნა მისთვის ერთდროულად რთულიც იყო და მარტივიც, მაგრამ ორი რამ ყოველთვის ზუსტად იცოდა: 1. რისი გაკეთება უნდოდა; 2. არასდროს არ უნდა გაჩერებულიყო. დღემდე ამ მიდგომით აგრძელებს და წინ კიდევ არაერთი გეგმა აქვს შესასრულებელი.
 

რატომ შექმენით „სმენის სახლი“ და როგორ მიხვდით, რომ ეს იდეა კარგად იმუშავებდა, როგორც ბიზნეს მოდელი? 
 
ჩემი რატომ არის ჩემი შვილი. „სმენის სახლის“ დასაბამი იყო მომენტი, როცა მივხვდი, რომ არ მქონდა ჩემი შვილისთვის ის, რაც მინდოდა მქონოდა და დავიწყე ძიება. მეორე მხრივ, ვნახე რა შესაძლებლობები არსებობს სხვაგან და შევადარე, რა იქნებოდა, პირობითად,  ჩვენ რომ სხვა ქვეყანაში გვეცხოვრა იმ დროს და რა შესაძლებლობები გამოტოვა ჩემმა შვილმა. აი ამ დაგროვილმა ცოდნამ და მუდმივმა ძიებამ აღმომაჩენინა მათ შორის ეს მოდელი, რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ. მაშინ მივხვდი, რომ სმენის დაქვეითება განაჩენი არ არის და არსებობს  უამრავი გამოსავალი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, თუნდაც სმენის მძიმე დაქვეითებით. სწორედ აქედან გაჩნდა თერაპიული რეაბილიტაციის სერვისის შექმნის იდეა. შემდეგ ეს იდეა გამოდგა ძალიან ფორმიანი და ხორცი შეესხა. რეალურად, მიზანი რა არის, რომ ბავშვი რომელიც იბადება სმენის სირთულით, არ იყოს ამის გამო იზოლირებული საზოგადოებისგან, ჰქონდეს კეთილდღეობა და იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს სამომავლოდ. ეს შესაძლებლობები 90-იან წლებში დიდად არ გვქონდა. სწორედ ამ შესაძლებლოებების აღმოჩენამ, კონტაქტებმა, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, ამ ცოდნამ, გვაფიქრებინა, რომ ეს არის საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. რეალურად, მე ვარ ადამიანი რომელმაც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა, თუკი ამას შეცდომები შეგვიძლია დავარქვათ, რადგან მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, უბრალოდ შედარება შემეძლო - რა იყო და რა უნდა ყოფილიყო.
 
ახლა რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი? როგორ ხედავთ მისი განვითარების გზას?
 
ჩვენი ბიზნესი ახალგაზრდაა და გეგმები დიდი გვაქვს. გვინდა, მომსახურების ისეთი სახეები გავაჩინოთ ამ სფეროში, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის და განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში, ოჯახს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს საიმედო, მყარი და ხარისხიანი და კვალიფიციური სერვისი. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით განვითარების გზაზე ვართ. ბევრი რამის დამატება გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ნაწილში კარგი მხარდაჭერით დავიწყეთ. ტექნოლოგიურ ნაწილში, ბაზარზე სმენის აპარატების ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს Phonak-ს  წარმოვადგენთ და ახლა ვიწყებთ კოხლეარული იმპლანტის მწარმოებელ ცნობილ ავსტრალიურ ბრენდთან, Cochlear-თან თანამშრომლობასაც. ცხადია, ადგილობრივ დონეზეც გვყავს პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარნენ, ეს ყველაფერი დაგვეწყო. ეს კარგი ნაწილია, ასე ვთქვათ. თუმცა მეორე მხრივ, რასაც განვითარება ჰქვია, მათ შორის მაგალითად, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის საჭირო, სტანდარტული პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები, ფუნქციური თუ სადიაგნოსტიკო, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ გვჭირდება. ასე რომ სმენის თერაპიული რეაბილიტაციის ნაწილში განვითარების გზაზე ვართ, ვეყრდნობით დასავლეთის ქვეყნების აღიარებულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ, გამოცდილ და წარმატებულ მეთოდოლოგიას. ამ მეთოდოლოგიას ვნერგავთ საქართველოში, რომ ჩვენს პატარებსაც ზუსტად იგივე შესაძლებლობა ჰქონდეთ, რაც მე ბევრი წლის განმავლობაში აღმოვაჩინე და რომლის შედეგებითაც აღვფრთოვანდი.
 
როგორ მუშაობს თქვენი მიდგომა?
 
თერაპიულ ნაწილში, ჩვენი სამიზნე ჯგუფი ბავშვებია და ასეც ვპოზიციონირებთ - სმენის პედიატრიული ცენტრი ვართ. არათუ დიაგნოზის დასმის შემდეგ, არამედ თუნდაც, როცა კითხვები ჩნდება სმენასთან დაკავშირებით და მშობელი მოდის ჩვენთან, უკვე იწყება ჩვენი მხარდაჭერა: რა ტიპის კვლევების ჩატარება ჯობს. ან, თუ ასეთი კვლევები უკვე არსებობს, რა უნდა გაკეთდეს იმ მომენტიდან და როგორ შეიცვლება ოჯახის ცხოვრება ყოველდღიურობაში, როდესაც აღმოჩნდება რომ ბავშვს აქვს სმენითი სირთულე. თერაპიულ ნაწილში ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლით სმენას. ეს უნარი ადამიანებს, ვისაც არ გვაქვს სმენის სირთულე, თან დაგვყვა და არავის უსწავლებია არც მოსმენა, არც ლაპარაკი, ყველაფერი თავისთავად ხდება. სმენის დაქვეითების შემთხვევაში, ბავშვებს სჭირდებათ სპეციალური მხარდაჭერა - ეს არის სმენის ტექნოლოგია და შემდეგ, ეს არის თერაპიული რეაბილიტაცია. თერაპიულ სესიებზე ბავშვთან მუშაობს სმენის და მეტყველების თერაპევტი და ეს არის საკმაოდ კომპლექსური ჩარევა - ამ სესიის განმავლობაში თერაპევტი მუშაობს სმენაზე, ზოგად უნარებზე, განვითარებაზე, ქცევაზე და ამავდროულად, ჩვენი სესია არის ფაქტობრივად ოჯახის მხარდამჭერი, რადგან თითოეული სესიით ოჯახს ვაძლევთ მოდელს, როგორ გადაიტანოს ეს ყველაფერი საკუთარ ცხოვრებაში, რაზე გაამახვილოს ყურადღება, რომ ბავშვს განვითარების საუკეთესო შესაძლებლობები შეუქმნას.
 
რამდენად რთული იყო ამ მოდელის ნულიდან შექმნა და ბიზნესად გარდაქმნა?
 
ერთდროულად რთულიც იყო და მარტივიც. მარტივი იმ გაგებით, რომ ზუსტად იცი, რისი გაკეთება გინდა. იცი, რომ იმუშავებს და ამ იდეით თავიდან ბოლომდე ხარ გაჟღენთილი. სირთულე იყო ის, რომ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ორგანიზება, ფინანსები, ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა. ამ ნაწილში ვიტყოდი, რომ ცოტათი მეტი რესურსი რომ გვქონდეს, მათ შორის ფინანსური, გაცილებით წინ ვიქნებოდით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თერაპიული რეაბილიტაცია, რისი დანერგვაც პარტნიორების მხარდაჭერით და მათთან კომუნიკაციით შევძელით. საბოლოოდ, მივიღეთ კომპლექსური მოდელი - თერაპიული რეაბილიტაცია, ტექნოლოგიები, სმენის დიაგნოსტიკა. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს, რაც აქ მომსვლელებისთვის ძალიან კომფორტულია. თუმცა, რესურსი რომ გვქონდეს, დიაგნოსტიკის ნაწილს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებდით აპარატურით, რადგან პროტოკოლით, ყველა ასაკობრივ კატეგორიას თავისი გამოკვლევის მეთოდოლოგია აქვს. 
 
რამდენად გქონდათ გამოცდილება იმისთვის, რომ იდეა ბიზნესად გექციათ?
 
მართვის გარკვეული გამოცდილება მქონდა, თუმცა ბიზნესის კეთების - არა. ეს ალბათ უფრო იმის დამსახურებაა, რომ 90-იან წლებში ყველაფრის კეთებამ გამორჩეული უნარები შეგვძინა. თუმცა, ამავდროულად, ხელიდან არ ვუშვებ დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობას, ტრენინგებს, რათა ის, რასაც ინტუიციურად ვხვდები, ცოდნითაც გავამყარო. „მეწარმე ქალთა პროგრამა“ გამორჩეულად ღირებული გამოცდილება იყო, მათ შორის არაფორმალური ნაწილი, სხვა მონაწილეებთან კომუნიკაცია. ასეთი შეხვედრები გაძლევს შესაძლებლობას, რომ გარდა მიღებული ცოდნისა, გაიცნო ადამიანები, გაიგო მათი წარმატების თუ წარუმატებლობის ისტორიები. ასეთი მაგალითები ყოველთვის გეხმარება, რომ მოსმენილი საკუთარ თავთან და საქმიანობასთან, გამოწვევებთან და მოლოდინებთან დააკავშირო, რაც აუცილებლად გზრდის. 
 
როგორ ფიქრობთ, რა უნარები გეხმარებათ წინსვლაში?
 
არ ვიცი ამ უნარს რა ჰქვია, როცა ზუსტად იცი, რომ ერთი მხრივ, არ არსებობს დაკეტილი კარი და მეორე მხრივ, თუ კონკრეტული კარი არ გაიღება, ესე იგი, ეს ის კარი არ არის სადაც უნდა შეხვიდე და ამიტომ, სხვა უნდა სცადო. როცა იცი, საით მიდიხარ, რაღაცნაირად ისეთი სინერგია გამოდის, რომ გზასაც პოულობ, ადამიანებსაც (როცა საქმიანობაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია თანამოაზრეები, გუნდი) და ეს კიდევ უფრო გაძლიერებს. გაჩვენებს, რომ ეს არის ის, რაც უნდა გეკეთებინა და მაგრად გამოდის. ამ საქმეში მაინც ეს თვისებაა მთავარი. აი, არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკის“ სლოგანი, გენიალურია. არ უნდა გაჩერდე, სულ სულ უნდა აკთო და აუცილებლად აძვრები მთის მწვერვალზე.