LIVE

ამერიკელი სენატორები ჩინეთში რუსული ნავთობის ექსპორტის სანქცირებას ითხოვენ

27 ივლ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 710
ამერიკელი სენატორები ჩინეთში რუსული ნავთობის ექსპორტის სანქცირებას ითხოვენ
Eva Marie Uzcategui/Bloomberg

ამერიკელ სენატორ მარკო რუბიოს სურს, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში რუსული ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების სანქცირება დაიწყოს, რათა შეწყდეს კრემლის დაფინანსება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

კანონპროექტის თანახმად, დაჯარიმდება ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც დააზღვევს ან დაარეგისტრირებს ტანკერებს, რომლებიც ატარებენ ნავთობს ან LNG-ს ჩინეთში რუსეთიდან. 

“ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც მათ ამ ძალისხმევაში ეხმარებიან, მძიმე შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდეს”, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

ენერგორესურსების მსოფლიოში უმსხვილესი მომხმარებელი რუსულ ენერგოპროდუქტებს ფასდაკლებით ყიდულობს. ჩინეთში რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გაზრდის კონკურენციას სხვა მსხვილ მყიდველებთან, როგორიცაა ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნავთობზე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ფასები.

რუბიოს განცხადებით, რუსული ენერგიის ყიდვით ჩინეთი მხარს უჭერს ომს უკრაინაში. 

სავარაუდოდ, წინადადება სენატში დემოკრატების კრიტიკას მიიღებს. ის ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას, ნავთობის მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შეზღუდვის შესახებ.

ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა წამოაყენა იდეა ფასის შეზღუდვის შესახებ, რომელიც მყიდველებს საშუალებას მისცემს, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის გამოყენება, თუ ისინი დათანხმდებიან საბაზრო განაკვეთების გადახდას. ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აყალიბებს ამ პოლიტიკას, რადგან ცდილობს დაარწმუნოს ევროპელი მოკავშირეები, რომ რუსეთი უბრალოდ არ შეწყვეტს მიწოდებას.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეარყია ბაზრები და ნავთობის ფასი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ევროპის ქვეყნები უკვე განიხილავენ ბუნებრივი აირის მოხმარების რაციონირებას, რომლის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან ყიდულობენ ზამთრისთვის მარაგების შევსების მიზნით.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ივნისში ჩინეთმა 72%-ით მეტი დახარჯა რუსული ენერგიის შესყიდვებზე. საბაჟო მონაცემების თანახმად, ჩინელმა მყიდველებმა ჯამში $6,4 მილიარდი დახარჯეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $3,7 მილიარდი იყო. შედეგად, ჩინეთის მთლიანმა ხარჯებმა რუსულ ენერგიაზე მარტიდან ივნისამდე $25,3 მილიარდს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2021 წლის იმავე ოთხ თვეში დახარჯულ $13,5 მილიარდს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენტონი დი პაოლა