LIVE

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა - TI

26 ივლ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, მეათე მოწვევის პარლამენტმა 47 დეპუტატის საზღვარგარეთ მივლინებებში 766 860 ლარი დაიხარჯა. 

TI-ს ინფორმაციით, პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 1 105 617 ლარი დაუკავდა.

„მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.

ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი. ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას“, - აღნიშნულია მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა. სიტყვით გამოსვლის უფლებით კი არ უსარგებლია 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს ძირითად გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა. 

TI-ს ინფორმაციით, საანგარისო პერიოდში ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ყველაზე პასიური კი  - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა არ მომხდარა ან არგუმენტაციის გარეშე შეჩერდა, მაგალითად: საკანონმდებლო პაკეტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები.

გაგრძელდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა და კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 95 კანონის პროექტი მიიღო. 46 საკანონმდებლო პაკეტთან (242 კანონის პროექტი) დაკავშირებით, ვადა 94-ჯერ გაგრძელდა; განხილვის ვადა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აღსრულების კოდექსს“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

ანგარიშის თანახმად, პრობლემა იყო მიღებული კანონების დროულად ამოქმედებაც.

TI-ს შეფასებით, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს არაერთ რეკომენდაციას აძლევს. ეს რეკომენდაციებია:

  • უმნიშვნელოვანესია 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, ოპოზიციის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და ოპოზიციის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
  • ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების წესი;
  • მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და არ ხდებოდეს კანონპროექტების განხილვის ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება;
  • განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა ჩართულობა;
  • ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;
  • აუცილებელია გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი. ნდობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს სრულად და ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ნდობის ჯგუფში გაწევრიანების საშუალება;
  • თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტიურად უნდა ახორციელებდეს ანგარიშვალდებული პირების მიერ რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობას;
  • მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაუსაბუთებელ უარს არ ეუბნებოდნენ მოქალაქეებს. სასურველია, გადაიდგას ნაბიჯები პარლამენტში საშვების სისტემის გაუქმების მიმართულებით;
  • პარლამენტმა დროულად უნდა დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო;
  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, კონტროლის შედეგები და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების სხდომებზე მიწვევის შესახებ ინფორმაცია, პერიოდულად უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ახალ ვებგვერდზე, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.