LIVE

როგორ წაართვა ომმა უკრაინელ ოლიგარქებს პოლიტიკური გავლენა

23 ივლ 202219:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1084
როგორ წაართვა ომმა უკრაინელ ოლიგარქებს პოლიტიკური გავლენა

უკრაინის უმდიდრესი ადამიანები, ოლიგარქები, მიჩვეული არიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დომინირებას, მაგრამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ხუთი თვის განმავლობაში ისინი გაჩუმდნენ.

პოლიტოლოგები და ექსპერტები გავლენის დაკარგვას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ოლიგარქებს და მათ ბიზნესს, ისევე როგორც უკრაინის ყველა მოქალაქეს, სჭირდებათ სამხედრო და დიპლომატიური დაცვა, რაც ექსკლუზიურად სამთავრობო ფუნქციებია და მას ოლიგარქები ვერ აკონტროლებენ.

ნიკიტა პოტურიაევი, დეპუტატი და რამდენიმე უკრაინელი ოლიგარქისა და პოლიტიკოსის, მათ შორის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი წინასაარჩევნო კამპანიაში, ამბობს, რომ ოლიგარქები ახლა უჩვეულო მდგომარეობაში არიან და არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ქვეყანაზე.

“2014 წლისგან განსხვავებით, როდესაც მაგალითად ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, დნეპროპეტროვსკის ოლქის დაცვით იყო დაკავებული, ახლა არის სხვა, ვინც ამას გააკეთებს - სახელმწიფო, რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია”, - თქვა პოტურიაევმა.

როგორც ჩანს, ომმა საშუალება მისცა ზელენსკის, გამხდარიყო უკრაინის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გვერდი აუარა ოლიგარქებს, რომლებიც ტრადიციულად იბრძოდნენ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონტროლისთვის.

თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაირკვევა, დასრულდა თუ არა უკრაინის ოლიგარქიული ეპოქა, თუ ისინი გავლენის დაბრუნებას შეეცდებიან.

“ამჟამად, ოლიგარქებისთვის პრიორიტეტი არის არა პოლიტიკა, არამედ ბიზნესის გადარჩენის უზრუნველყოფა და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება. გამონაკლისი არის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც კვლავ ცდილობს პოლიტიკაში ჩართვას”, - ამბობს ვოლოდიმირ ფესენკო, უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსი. 

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინის მოსახლეობის ნაწილმა სერიოზული ფული გამოიმუშავა ყოფილი სახელმწიფო ქარხნებისა და საწარმოების ხელში ჩაგდებით, ზოგჯერ ძალის გამოყენებით. ზოგიერთი მათგანი იყენებდა შემოსავალს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტების მოსყიდვისთვის, აარსებდა პოლიტიკურ პარტიებსა და მედია ჰოლდინებს, რათა დაეცვათ და გაეფართოებინათ ბიზნესი.

მიზანი იყო ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების კონტროლის ქვეშ მოქცევა. უკრაინის პრეზიდენტები, თავის მხრივ, მიდრეკილნი იყვნენ დაყრდნობოდნენ გარკვეულ ძალებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. უკრაინის პოლიტიკა გახდა ინტრიგების, შიდა დაპირისპირებისა და კორუფციული კულუარული გარიგებების სივრცე. ხშირად მხოლოდ სიტყვიერად ექცეოდა ყურადღება რიგითი მოქალაქეების საჭიროებებს.

ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდი ხანია მოუწოდებენ უკრაინას ოლიგარქიული სისტემის დანგრევისკენ. 2021 წლის სექტემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, შექმნა ოლიგარქების რეესტრი.

კანონის თანახმად, ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ ოთხ მახასიათებელს, ითვლებიან ოლიგარქებად: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი გავლენა მედიაში, მონოპოლიის მფლობელობა ან უკრაინაში საარსებო მინიმუმზე მილიონზე მეტი ღირებულების აქტივების ფლობა.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე კერძო ინტერესების მავნე გავლენის შემცირებაში”, - წერდა ბრიტანეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი.

რინატ ახმეტოვმა, რომელიც ეწინააღმდეგება ოლიგარქის იარლიყს, კანონის ძალაში შესვლისას უკრაინის სახელმწიფოს გადასცა თავისი მედია ჰოლდინგი. მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ სურდა “ოლიგარქების სიაში ყოფილიყო”. ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ახმეტოვი სამაგალითოა.

ანალიტიკოსების აზრით, კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ახმეტოვის ბიზნესს ომით გამოწვეული ფულადი სახსრების პრობლემები აქვს. 

“ოლიგარქებმა დაკარგეს გავლენა, რადგან მათმა ბიზნესმა ბევრი დაკარგა”, - თქვა პოტურიაევმა.

FT-ის ცნობით, თითქმის ყველა უკრაინელმა ოლიგარქმა გაავრცელა განცხადება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და გამოყო თანხები ჯარისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ერთიანობის ნიშნად. დიმიტრი ფირტაშმაც კი, ოლიგარქმა, რომელმაც მილიარდები Gazprom-ის შუამავლობით გამოიმუშავა, განაცხადა, რომ სურს უკრაინაში დაბრუნება ქვეყნის დასახმარებლად. ის ფლობს სასუქის რამდენიმე ქარხანას უკრაინაში, მათ შორის აღმოსავლეთ ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც დაიბომბა.

ოლიგარქები არ არიან ერთადერთი ნაწილი უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც გაჩუმდნენ. უკრაინელმა დეპუტატებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რათა იმოქმედონ ერთობლივად, სანამ რუსული აგრესია გრძელდება.

“პოლიტიკური ცხოვრება ნახევრად გაყინულია. როგორც წესი, როცა გენერალური პროკურორის მსგავს ფიგურას ათავისუფლებენ, პარტიული ლიდერები აკეთებენ განცხადებებს და პოლიტიკოსები აკეთებენ კომენტარს. რამდენიმე დეპუტატი სწორედ ასე მოიქცა, მაგრამ უმრავლესობამ თავი შეიკავა”,- განაცხადა პოტურიაევმა ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.

უკრაინელმა დეპუტატებმა თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონმდებლობის მიღებას, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებების ჩათვლით, როგორიცაა სტამბულის კონვენცია ოჯახში ძალადობის შესახებ. ეს იყო შესამჩნევი ცვლილება ომამდელ დღეებთან შედარებით, როდესაც უკრაინის პარლამენტის სესიები ცნობილი იყო ჩხუბითა და დაპირისპირებით. რამდენ ხანს გაგრძელდება ახალი პოლიტიკური დინამიკა, ჯერ უცნობია.

“ჩვენ მხოლოდ ომის შემდეგ გავიგებთ, შეეცდებიან თუ არა ოლიგარქები გავლენის აღდგენას. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება”, - თქვა ფესენკომ. 

თუ უკრაინა მოიგებს ომს, მაშინ ზელენსკის პოპულარობა მაღალი დარჩება, თვლის ფესენკო. თუმცა, თუ ზელენსკი იძულებული იქნება, დათანხმდეს კომპრომისულ ზავს, მაშინ ეს გაყოფს საზოგადოებას.