LIVE

სანქცირებულ რუსებს ევროკავშირში არსებული საკუთრების გამჟღავნება მოუწევთ

21 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
სანქცირებულ რუსებს ევროკავშირში არსებული საკუთრების გამჟღავნება მოუწევთ
Bloomberg

სანქცირებულ რუსებს მოუწევთ გაამჟღავნონ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული აქტივები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არადეკლარირებულ ქონებას ყადაღა დაედება. ამის შესახებ საუბარია სანქციების ახალ პაკეტში, რომელიც ევროკავშირმა გუშინ მიიღო. 

ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფმა ინდივიდუალურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა მიაწოდონ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია ნებისმიერი ფონდის ან სხვა ეკონომიკური რესურსის შესახებ, როგორიცაა ქონება, რომელსაც ფლობენ ან აკონტროლებენ ევროპაში. ზომის შეუსრულებლობა ბლოკის სანქციებისთვის გვერდის ავლად ჩაითვლება.

ევროკავშირის ამჟამინდელი რეგულაციებით, სანქცირებული აქტივები გაყინულია, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია. გაყინული აქტივების მართვა ასევე ძვირად უჯდება ბლოკის წევრ სახელმწიფოებს. 

ევროკავშირი ცდილობს გააძლიეროს თავისი უფლებამოსილება ისე, რომ შეძლოს აქტივების ჩამორთმევა და არა გაყინვა, რათა ისინი, მაგალითად, უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციისთვის გამოიყენოს. ერთ-ერთი ვერსიით, სანქციებისთვის გვერდის ავლა შესაძლოა, დანაშაულად იქნეს მიჩნეული, რაც აქტივების ჩამორთმევისთვის საჭირო სამართლებრივ საფუძველს უზრუნველყოფს. 

ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სანქციების დამრღვევები შეიძლება სისხლის სამართლის გამოძიებას დაექვემდებარონ. 

ნებისმიერი ქმედება დამოკიდებული იქნება წევრ ქვეყნებზე და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ეროვნული სასამართლოები მიიღებენ, მაგრამ გადამალული ქონება შესაძლოა, აქტივების კონფისკაციას დაექვემდებაროს. ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ასევე იქნება სტიმული სანქცირებული პირებისთვის, რომ საკუთარი აქტივების შესახებ განაცხადონ.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, ახალ სავაჭრო შეზღუდვებს ძირითად ტექნოლოგიებზე და ადრინდელი სანქციების რამდენიმე შესწორებას, რათა რეგულაციებმა არ იმოქმედებს საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაზე. 

ოფიციალური პირების განცხადებით, სურსათსა და სხვა გადაუდებელი საჭიროების საქონელზე ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სანქციებმა შეიძლება შეაფერხოს ამ ძირითადი პროდუქტით ვაჭრობა. პაკეტში შეტანილი ცვლილებები დამატებით გარანტიებს უზრუნველყოფს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯილიან დოიჩი და ალბერტო ნარდელი