LIVE

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის ძირითადი წყარო რუსეთი და ბელორუსია - PMC

21 ივლ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის ძირითადი წყარო რუსეთი და ბელორუსია - PMC

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, იანვარ-მაისში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის ორი ძირითადი წყარო რუსეთი და ბელორუსი იყო.

ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, სადაც 2022 წლის საერთაშორისო მოგზაურების დინამიკაა განხილული, პირველ 5 თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთი ლიდერობდა.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან სამოგზაურო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა (2022 წლის მარტში 2022 წლის თებერვალთან შედარებით 29,1%-ით).

2022 წლის მარტში, ბელორუსიდან სამოგზაურო შემოსავლები, წინა თვესთან შედარებით, მკვეთრად, 552%-ით გაიზარდა და შემდეგი სამი თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დაბალია, შესაძლოა დავასკვნათ, რომ საქართველოში შემოსული ბელორუსების დიდი ნაწილი ქვეყანაში ხანგრძლივი ვიზიტითაა ჩამოსული“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

მიმოხილვის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ვიზიტორების შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობებში მნიშვნელოვან განსხვავებას აჩვენებს.

„2022 წლის მაისში შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობას შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინაში, ვინაიდან წინა თვესთან შედარებით გაიზარდა გასვლების რაოდენობა, ხოლო შემოსვლების რაოდენობა კი შემცირდა. ამავდროულად, მაისში რუსებისა და ბელორუსებისთვის, გასვლების რაოდენობამ გადააჭარბა შემოსვლების რაოდენობას“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მაისი-ივნისის ჯამურ სტატისტიკას, საქართველოში რუსეთის 164 ათასი მოქალაქე შემოვიდა და მხოლოდ 146 ათასი გავიდა.

2022 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 185.5%-ით გაიზარდა, 2019 წლის ივნისთან შედარებით კი 49%-ით შემცირდა.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 164.4%-ით გაიზარდა (2022/2021) და 46,7%-ით შემცირდა (2022/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 126.7%-ით გაიზარდა (2022/2021) და 35.9%-ით შემცირდა (2022/2019).

2022 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 10,2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8,4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15,2%-ით.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (23,1%) და კახეთში (12,9%), ყველაზე ნაკლები - ქვემო ქართლში (-32,3%).

PMC-ის კვლევის თანახმად, ივნისში, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 245 ლარი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა კი - 519 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გურიაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 702 ლარი იყო, კახეთში - 575 ლარი, თბილისში - 568 ლარი, ხოლო აჭარაში - 552 ლარი.