
რუსეთის ცენტრალური ბანკი არააკრედიტებული ინვესტორებისთვის უცხოური ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. მარეგულირებელმა ეს განმარტა “სანქციების რისკებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საცალო ინვესტორების დაბლოკილი აქტივების მოცულობის გაფართოება”.
“პირველი ნაბიჯი ახალი ღონისძიებების სერიიდან არის რეკომენდაცია ბროკერებისა და ბირჟებისთვის, შეაჩერონ უცხოური ფასიანი ქაღალდების გაყიდვები არაკვალიფიციურ ინვესტორებზე”, - განაცხადა ცენტრალურმა ბანკმა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები გავლენას არ მოახდენს ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებზე და ემიტენტებზე, რომლებიც რუსეთში საქმიანობენ.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხაილ მამუტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ამჟამად, ასეთი ტრანზაქციები პოტენციურად უკიდურესად სარისკოა და ინვესტორების პოზიციების მუდმივი ზრდა იწვევს რისკების ზრდას, რომლის შედეგებსაც არააკრედიტებული ინვესტორი ვერ აკონტროლებს და, სამწუხაროდ, ვერც ბაზარი და ვერც მარეგულირებელი ვერ დაეხმარება მას ამაში”.
აკრედიტებული ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო აქტივების რაოდენობა 6-დან 30 მილიონ რუბლამდე გაიზარდა.
მარეგულირებელი განიხილავს ამ იდეებს კანონმდებლებთან, ბაზრის მონაწილეებთან და მთავრობასთან, “შემდეგ კი დაგეგმილია მათი განხორციელება რუსეთის ბანკის გადაწყვეტილებებითა და რეგულაციებით”, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.