LIVE

ეგვიპტე ევროპას გაზის კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმარება

19 ივლ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
ეგვიპტე ევროპას გაზის კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმარება

ეგვიპტე მზადაა ევროპას გაზის მიმდინარე კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმაროს. განცხადება პრეზიდენტმა აბდელ-ფატაჰ ელ-სისიმ გააკეთა.

“ამჟამინდელი გათხევადების ქარხნებით ეგვიპტეს შეუძლია ბუნებრივი აირის ექსპორტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან. თუ ეგვიპტეს შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ნებისმიერი კრიზისის შერბილებაში, ის მზად არის ამისათვის”,- განაცხადა ელ-სისიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

Gazprom-მა ევროპის 3 ქვეყანაში, რომელიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს, მიწოდებაზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. ნაბიჯი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ის მიწოდების შეზღუდვის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც Gazprom-ის შეტყობინება მიიღეს, არის გერმანული კომპანიები Uniper და RWE.

ივნისის შუა რიცხვებიდან Gazprom-ი, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა.

ასევე შემცირებულია ევროპაში გაზის ნაკადები უკრაინის გავლით, რადგან ომის გამო, რუსეთთან საზღვარზე ორი ძირითადი შესასვლელი პუნქტიდან ერთი დახურულია.

11 ივლისს Nord Stream ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღით გაჩერდა. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისა და ცივი ზამთრის შემთხვევაში, თუ რეგიონი ენერგიის დაზოგვის მიზნით, პრევენციულ ზომებს ვერ მიიღებს, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა, 1,5%-ით შემცირდეს. თუ შეჩერება საშუალო ზამთარს დაემთხვევა, მშპ-ის გავლენა შეიძლება 0.6%-დან 1%-მდე მერყეობდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თარიქ ელ-ტაბლავი