
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ბრძოლა ფინანსურ ბაზრებზე სანდოობის აღდგენისთვის კიდევ უფრო გართულდა.
რომში კრიზისის შემდეგ, MLIV-ის მკითხველები ფიქრობენ, რომ იტალიის ვალი კიდევ ერთხელ მოხვდება საშიშ ზონაში. პარალელურად, თითქმის გარდაუვალი რეცესია ევროს ეპიკურ ვარდნას აძლიერებს.
Pulse-ის უკანასკნელ გამოკითხვაში 792 რესპონდენტიდან მხოლოდ 16% ფიქრობს, რომ ევროპა, სავარაუდოდ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის თავიდან აცილებას მოახერხებს. 69% ფსონს დებს, რომ ევროზონის ვალუტა დოლართან მიმართებით $0.9-მდე დაეცემა, $1.1-იან ნიშნულზე დაბრუნების ნაცვლად.
რაც კიდევ უფრო უარესია, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკაში პოლიტიკურმა ქარიშხალმა შესაძლოა ბაზრის ფრაგმენტაციის ახალი ერა გამოიწვიოს. MLIV-ის მკითხველთა დაახლოებით 21% ამბობს, რომ სანამ ECB მოქმედებას დაიწყებს, 10-წლიან იტალიურ და გერმანულ ობლიგაციებს შორის სპრედი 500-ზე მეტ საბაზისო პუნქტამდე გაიზრდება.
რესპონდენტთა 41%, მათ შორის პორტფელის მენეჯერები და საცალო მოვაჭრეები, მომდევნო 6 თვის განმავლობაში სავალო კრიზისს პროგნოზირებს.
კარგი ამბავი ის არის, რომ გამოკითხულთა 59%-ის განცხადებით, ევროზონას ვალის კრიზისი მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ ემუქრება. თუმცა, უმრავლესობა სიტუაციის გაუარესების კატალიზატორად გაზის მიწოდების შეწყვეტას მოიაზრებს.
რუსეთის ენერგეტიკული გიგანტი Gazprom-ი, რომელმაც სიმძლავრის 40%-მდე უკვე შეამცირა მიწოდება Nord Stream მილსადენით, ექსპორტის შემდგომ შეფერხებაზე მიანიშნებს. პარალელურად, ინვესტორების ნდობა გერმანიის ეკონომიკის მიმართ 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. Deutsche Bank-ი კი 2023 წლისთვის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის შემცირებას 1%-მდე ვარაუდობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ევროს ისტორიული შესუსტება გაგრძელდება. Nomura Holdings-ის, UBS Group-ისა და BCA Research-ის სტრატეგიები ვარაუდობენ, რომ ზამთარში ვალუტა დოლართან მიმართებით 0,90$-მდე დაეცემა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 ევრო ამჟამად $1.0156 ღირს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალის გლედჰილი