
შეერთებულ შტატებში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.1% შეადგინა. მაჩვენებელი უბიძგებს ფედერალურ სარეზერვო სისტემას, აგრესიულად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდას.
ეს ფასების ყველაზე დიდი ზრდაა 1981 წლის ბოლოდან და ასახავს ბენზინის, საცხოვრებლისა და საკვების ხარჯების მაღალ ფასს.
ეკონომისტები მაისთან შედარებით 1.1%-იან, ხოლო წლიურად 8.8%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. ზედიზედ მეოთხე თვეა, წლიური მაჩვენებელი პროგნოზირებულს აღემატება.
საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგიის ყველაზე ცვალებად კომპონენტებს, გასულ თვესთან შედარებით 0,7%-ით, ხოლო წლიურად 5,9%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ძირითად პროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივნისში გაზის ფასი 11,2%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. ენერგეტიკული სერვისების, მათ შორის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასები გაიზარდა 3,5%-ით, რაც ყველაზე მაღალია 2006 წლის შემდეგ. სურსათზე ფასები გაიზარდა 1%-ით და 10.4%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ყველაზე დიდი ზრდაა 1981 წლის შემდეგ.
მაისთან შედარებით საქონლის თვითღირებულება 2,1%-ით, ხოლო მომსახურების ღირებულების 0,9%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 21 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ძირითადი საცხოვრებლის ქირა მაისთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ყოველთვიური ზრდაა 1986 წლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის გაყიდვები ბოლო თვეებში შენელდა იპოთეკის მაღალი განაკვეთების გამო, ეკონომისტები ელიან, რომ იჯარის ფასი გაიზრდება, რადგან დრო სჭირდება ფასების ცვლილებას CPI-ზე ზემოქმედებისთვის.
სასტუმროებისა და ავიაბილეთების, ასევე მანქანის დაქირავების ღირებულება მაისიდან ივნისამდე დაეცა ბოლო თვეების ისტორიული ზრდის შემდეგ. თუმცა, ამერიკულ ავიახაზების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა აჩვენა, რომ მოგზაურობის მოთხოვნა კვლავ ძლიერია.
მეორადი ავტომობილების ფასები, რამაც გასულ წელს ინფლაციაში მთავარი წვლილი შეიტანა, გასულ თვესთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი ავტომობილების ფასები 0.7%-ით გაიზარდა.
მაღალი ფასები კვლავ ამცირებს მომხმარებელთა შემოსავლებს, მიუხედავად ნომინალური ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდისა. ინფლაციაზე მორგებული მედიანური საათობრივი ხელფასი ივნისში 3.6%-ით დაეცა წინა წელთან შედარებით.
ეკონომისტები ელოდნენ, რომ მომხმარებლები გადაიტანდნენ ხარჯებს საქონლიდან მომსახურებაზე, რადგან Covid-თან დაკავშირებული შეშფოთება ქრებოდა, მაგრამ საქონლის ფასები ჯერ კიდევ მაღალია.
ჯო ბაიდენი მიემგზავრება ახლო აღმოსავლეთში, რათა განიხილოს ენერგიის წარმოება საუდის არაბეთისა და გალფის სხვა ქვეყნების ლიდერებთან. მას ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების შემცირების იმედი აქვს. ივნისში გაზის საცალო ფასებმა გადააჭარბა ეროვნულ საშუალო $5-ს, თუმცა მას შემდეგ ის გარკვეულწილად შემცირდა.
ინფლაციის ახალი მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ფასების ზეწოლა ყოვლისმომცველია და მთელს ეკონომიკაზე ვრცელდება. შესაბამისად, ის დიდ გავლენას ახდენს რეალურ ხელფასზე. ინფლაციის მონაცემები Fed-ის მაღალჩინოსნებს აგრესიული პოლიტიკის გატარებას აიძულებს.
გეოპოლიტიკური რისკები, მათ შორის Covid-ის შეზღუდვები ჩინეთში და ომი უკრაინაში, რისკებს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს და ინფლაციის პროგნოზებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ივლისში ბენზინზე დაბალი ფასები და საცალო ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია ხელს შეუწყობს ცეცხლის ჩაქრობას, ფართო ზეწოლა საბაზო განაკვეთზე, გვაფიქრებინებს, რომ ინფლაციამ შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მიაღწიოს პიკს და დარჩეს მაღალი მოსალოდნელზე მეტხანს”,- ამბობს სალ გუატიერი, BMO Capital Markets-ის უფროსი ეკონომისტი.
Fed-ის პოლიტიკის შემქმნელებმა უკვე გამოაცხადეს რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზისო პუნქტით ზრდა მიმდინარე თვის ბოლოს. მონაცემების გამოქვეყნებამდეც კი, მოვაჭრეები უკვე სრულად აფასებდნენ ასეთ ნაბიჯს. ახლა ისინი ასევე ხედავენ სამიდან ერთ შანსს, რომ ეს შეიძლება იყოს სრული პროცენტული პუნქტი.
რაც უფრო მეტად იზრდება საპროცენტო განაკვეთი, მით მეტად იზრდება რეცესიის რისკი. ამის მიუხედავად, შრომის ბაზარი კვლავ ძლიერია - თითქმის 400,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
PepsiCo-ს შემოსავლების წინასწარი ანგარიშები აჩვენებს, რომ ზოგიერთი კომპანია კვლავ აგრძელებს საქონლის ფასების ზრდას. Fritos-ისა და Mountain Dew-ის მწარმოებელმა მეორე კვარტალში საშუალოდ 12%-ით მეტი დააკისრა მომხმარებელს. ამის მიუხედავად, კომპანიამ განაცხადა, რომ გაყიდვების მოცულობა იგივე დონეზე დარჩა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკემანი