LIVE

"მირაბალდები" - წარმოება ქალების გასაძლიერებლად

13 ივლ 202215:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1588
"მირაბალდები" - წარმოება ქალების გასაძლიერებლად

ნინო სალუქვაძე პროფესიით იურისტია და სოციალური საწარმოს შექმნამდე დიდი გზა გაიარა. ყველაფერი 2019 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებით დაიწყო, რომელსაც დომინიკელი აქტივისტი დების, მირაბალების ინსპირაციით „მირაბალდები“ უწოდა.

ორგანიზაციის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას, თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოხვდა. ადგილზე ნანახმა წარსულში, ავსტრიაში მონახულებული ანალოგიური დაწესებულება გაახსენა, სადაც ყველა პირობა იყო ძალადობის მსხვერპლთა რესოციალიზაციისთვის, განსხვავებით ქართული პრაქტიკისგან. ამ პარალელის გავლების შემდეგ მიხვდა, რომ საჭიროა მოქმედება.

ძალადობასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია, თუმცა ნინოს სჯერა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა განათლებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც ბლოკნოტებით, სანიშნებით, ჩანთებით და წინდებით პირველი პარლამენტარი ქალების ისტორიებს ყვება თანმხლები ილუსტრაციებით. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა ორგანიზაციის პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მათ შორის, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში სამკითხველო დარბაზების მოწყობას, ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით.

რატომ „მირაბალდები“?

დები მირაბალები დომინიკელი აქტივისტები იყვნენ, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამისთვის, დიქტატორ ტრუხილიოს რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა. მათი დახოცვის დღე გაერომ ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღედ აღიარა. ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს, ჩვენ გავაქართულეთ ეს სახელი და ორგანიზაციას „მირაბალდები“ ვუწოდეთ. დები მირაბალების ისტორია ჩემთვის ინსპირაციაა და ამ სახელის ტარებაც დიდი პატივია ჩვენი ორგანიზაციისთვის.

რატომ გადაწყვიტეთ სოციალური საწარმოს შექმნა?

სოციალური საწარმო 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, 2019 წლიდან მოყოლებული, არაერთ კომპანიას შევხვდით იმისთვის, რომ ჩვენი პროექტებისთვის დაფინანსება მოგვეპოვებინა. ყველას მოსწონდა ჩვენი პროექტები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასაც მხარს უჭერდნენ სიტყვიერად, თუმცა ბოლოს მივხვდით, რომ დაფინანსებას ამ გზით ვერ მოვიპოვებდით. სწორედ ამიტომ შეიქმნა სოციალური საწარმო. ის გვეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ ჩვენი პროექტები. ამგვარად ვაძლიერებთ ძალადობა გამოვლილ ქალებს და ვზრუნავთ მათზე. ვცდილობთ გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა განათლებაზე და აღვჭურვოთ განათლებით. ეს იარაღი მათ სამომავლოდ საკუთარი თავის დაცვის და სხვა ქალების გაძლიერების საშუალებას მისცემს.

რა არის მთავარი დაბრკოლება იმ ქალებისთვის, რომელთა გაძლიერებასაც თქვენი ორგანიზაციის მეშვეობით ცდილობთ?

ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან თავშესაფარში მოხვედრილ ძალადობა გამოვლილ ქალებს არ აქვთ წასასვლელი, არ აქვთ შემოსავალი, არ აქვთ პროფესია. ჩვენ სწორედ ამას ვცდილობთ, მივცეთ განათლება, რომ შემდგომში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. დღეს ქალებისთვის ძალიან რთულია საკუთარი ადგილის დამკვიდრება - გარდა იმისა, რომ თავად უნდა მოინდომონ, ძალიან ბევრია სამუშაო ცნობიერების ნაწილშიც, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვამბობთ „არა ძალადობას“, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ნაკლებად იდგმება. ვფიქრობ, რომ საუბრის დრო დასრულდა. დიდი ხანია გავაცნობიერეთ, რომ ოჯახში ძალადობა არსებობს, როგორც პრობლემა, ამიტომ ახლა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დროა.

რა არის მთავარი სირთულე თქვენს საქმიანობაში?

სოციალური საწარმოს გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელსაც ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ჩვენი ნაწარმი იმ ქალების პოპულარიზაციას ემსახურება, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ გვიწევს, საზოგადოებას ჯერ ამ ქალებზე ვისაუბროთ იმისთვის, რომ საბოლოოდ სასურველი შედეგი მივიღოთ. ვაწარმოებთ უბის წიგნაკებს, სანიშნებს, ჩანთებს, წინდებს, რომლებზეც გამოსახულია პირველი პარლამენტარი ქალების ილუსტრაციები. ამ გზით ვცდილობთ საზოგადოებამდე მივიტანოთ მათი ისტორიები და მათ პოპულარიზაციასთან ერთად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში ვქმნით მათივე სახელობის სამკითხველო სივრცეებს. სწორედ სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული თანხით ფინანსდება ორგანიზაციის სოციალური პროექტები.

ვინ არის თქვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი?

ხშირად გვაქვს გამოფენები, სადაც აქტიურად ვყვებით ისტორიებს 26 მაისის ქალებზე და უკუკავშირით ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი უფრო მეტად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მოსწონთ. სწორედ ეს სეგმენტი აქტიურობს ყველაზე მეტად, სვამს კითხვებს. ძალიან გვინდა, რომ ქალები, რომელთა ისტორიებსაც ჩვენ ვყვებით, იქცნენ ახალგაზრდა გოგონების სუპერ გმირებად, რომლებიც დაეხმარებიან საკუთარი ოცნებების ასრულებაში. პირადად ჩემთვის, თითოეული ილუსტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით 26 მაისის ქალებიდან მინადორა სარგებლობს. პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გავხსენით, ასევე მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის სახელობისაა. მინადორას სახელობის წინდებიც, ე.წ. მინადორები, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან გვეამაყება, რომ სწორედ ეს წინდები გავუგზავნეთ უკრაინელ ქალებს. გვინდოდა მათთვის არამხოლოდ პარქტიკული გამოყენების, არამედ ისეთი ნივთი გვეჩუქებინა, რომელიც სულიერ სიმტკიცესაც გამოხატავს. სწორედ მინადორას გამოსახულებიან წინდებს ატარებენ დღეს უკრაინელი ქალები და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა.

როგორ დაგეხმარებათ UNDP-ს და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა შემდგომი წარმატების მიღწევაში?

ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის და განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის. ამ პროგრამის საშუალებით მიღებული გამოცდილება და ცოდნა საშუალებას მოგვცემს, უკეთესად, უფრო სწორად დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი საქმიანობა და მივაღწიოთ სასურველ შედეგს - გავაძლიეროთ მეტი ძალადობა გამოვლილი ქალი და მივცეთ მათ განათლება ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.