LIVE

ლიბიის პოლიტიკური ქაოსი ნავთობის გლობალურ კრიზისს ამწვავებს

14 ივლ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
ლიბიის პოლიტიკური ქაოსი ნავთობის გლობალურ კრიზისს ამწვავებს
AP

მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გლობალურ ბაზრებზე მეტი ნავთობის მისაღებად სპარსეთის ყურეში ვიზიტებს მართავს, OPEC-ის კიდევ ერთ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა ნავთობის წარმოებას დიდ საფრთხეს უქმნის.  

ლიბიაში ნავთობის წარმოება აპრილის შუა რიცხვებიდან შემცირდა, რადგან მომიტინგეებმა რამდენიმე ნავთობის საბადოს და პორტის დაკეტვა მოითხოვეს. 

ქვეყანაზე კონტროლის ასაღებად მეტოქე ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. საწვავის და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, დემონსტრაციები იზრდება, რაც წარმოებას კიდევ უფრო შეამცირებს. 

"ლიბიის მარაგის ნახევარი დავკარგეთ. დიდი შანსია, რომ მეორე ნახევარი უახლოეს კვირებში შეჩერდეს", - ამბობს Rapidan Energy Group-ის პრეზიდენტი და თეთრი სახლის ყოფილი  წარმომადგენელი ბობ მაკნალი.

ამავე დროს, ნავთობის იმპორტიორები მეტი რესურსის მიწოდებას მოითხოვენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე $100-ს გადააჭარბა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ბაზრის ყველაზე დიდ შეფერხებას იწვევს. 

ნავთობის ფასები გასულ თვეში მსოფლიოს მთავარ ეკონომიკებში რეცესიის შიშის ფონზე შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის გასულ წელთან შედარებით, თითქმის 30%-ით არიან გაზრდილი. საწვავის ხარჯების მატებასთან ერთად დაჩქარებული ინფლაცია ცხოვრების ხარჯებს ზრდის.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ლიბიიდან ივნისში ექსპორტი 20 თვის მინიმუმამდე დაეცა და დღეში 610 000 ბარელი შეადგინა.

სახელმწიფო ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (NOC) ორი კვირის წინ შეაჩერა გადაზიდვები ელ-სიდერისა და რას-ლანუფის ძირითადი პორტებიდან. 

ბრეგასა და ზუვაითინას მიმდებარედ არსებული ტერმინალები თითქმის ორი თვის განმავლობაში არ ამუშავებდნენ ნედლ ნავთობს, თუმცა მიმდინარე კვირაში NOC-მა გააუქმა ფორსმაჟორული ვითარება, რაც ქვეყანაში ექსპორტის შეჩერების სამართლებრივ საშუალებას იძლევა.

2011 წელს დიქტატორ მუამარ ალ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია კონფლიქტშია ჩაფლული. 2020 წლის შუა პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა, მაგრამ დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ფონზე, მდგომარეობა სულ უფრო მყიფე ჩანს. 

ახლა დაპირისპირება ორ მთავრობას შორის მიმდინარეობს. ქვეყნის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის, აბდულჰამიდ დბეიბას ადმინისტრაცია მხარდაჭერილია თურქეთის მიერ. მას ეწინააღმდეგება ფატი ბაშაღა, რომელიც ცხოვრობს სირტში და ასევე აცხადებს პრემიერობაზე პრეტენზიას. მისი მოკავშირეა ხალიფა ჰაფთარი, აღმოსავლელი გენერალი, რომელიც აკონტროლებს ლიბიის ნავთობის ბევრ საბადოს. მას მხარი რუსეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა დაუჭირეს. მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს კაიროში და ჟენევაში, თუმცა ჩიხიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს. 

ბაშაღამ გასულ თვეში Bloomberg-ს განუცხადა, რომ წელს არჩევნების ჩატარების მცირე შანსია და ქაოსი გაგრძელდება.  

მისმა ძალებმა მაისში ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლში შესვლა სცადეს, მაგრამ მალევე მოუწიათ უკან დახევა. 

"არც ერთი მთავრობის გადაყენება ადვილი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ორივეს მხარს უჭერს შეიარაღებული ძალები", - ამბობს საკონსულტაციო კომპანია Azure Strategy-ის გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დირექტორმა ალისა გოუერმა.

NOC-ზე კონტროლის მოპოვებისთვის ბრძოლა ენერგეტიკულ სექტორში არასტაბილურობას აძლიერებს. ამასობაში, ლიბიელები სულ უფრო და უფრო სასოწარკვეთილები ხდებიან. 

"სამედიცინო მომსახურება ცუდია, გზები დანგრეულია. ჩვენ არ ვსარგებლობთ ნავთობის შემოსავლებით. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება, პურის ფასს ძლივს ვერევით", - ამბობს 54 წლის სულეიმან ჰოვეიჯი, ცხრა შვილის მამა, რომელიც ნავთობის ობიექტზე მჯდომარე აქციას ხელმძღვანელობს.

დემონსტრაციები ნავთობის საბადოების მიღმაც გავრცელდა, ლიბიელები რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. 

"გვინდა მხოლოდ ელექტროენერგია, საკვები და არა დაპირისპირება. უკვე მგონია, რომ ეს წყევლაა და სამუდამოდ ასე დავრჩებით ლიბიაში", - ამბობს სტუდენტი მოჰამედ აბდელ-მეგუიდი. 

ანალიტიკოსების თქმით, საერთაშორისო ძალებს მოუწევთ ჩაერთონ იმისთვის, რომ გამოსავალი იპოვონ.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ქეროლაინ ალექსანდრე, გრანტ სმიტი და სალმა ელ ვარდანი