LIVE

10 რამ, რითაც ახლანდელი რეცესია 2008 წლის კრიზისისგან განსხვავდება

17 ივლ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
10 რამ, რითაც ახლანდელი რეცესია 2008 წლის კრიზისისგან განსხვავდება

აშშ-ს ეკონომიკის რეცესიაში გადასვლის შესახებ კამათი არ წყდება. თუმცა, მაშინაც კი, თუ რეცესიას ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიურო ოფიციალურად არ გამოაცხადებს, ცხადია, რომ აშშ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დიდი ეკონომიკური სტრესის წინაშეა. ამის მიუხედავად, თანამედროვე პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და მისი შემდგომი პერიოდისგან.

ინფლაცია

ინფლაცია, სადაც არ უნდა გაიხედოთ, რამდენიმე ათწლეულის მაქსიმუმზეა. ეს არ ეხება მხოლოდ აშშ-ს ან ევროზონას. ქვეყნები, რომლებიც განთქმულია ინფლაციის ნაკლებობით, როგორიცაა იაპონია და შვეიცარია, ახლა მას ისევე განიცდიან, როგორც დანარჩენები.

შრომის ბაზარი

მეორე მხარე არის ძლიერი შრომის ბაზარი. აშშ-ში უმუშევრობის დონე 3,6%-ია. 2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, ქვეყნის უმუშევრობა 8%-მდე იყო, რამაც 2013 წლის იანვრის ბოლომდეც კი გასტანა.

ევროპული სტრესი

ევროპას რომ დავუბრუნდეთ, ათი წლის წინ გერმანიის ეკონომიკა აღორძინებას განიცდიდა, რასაც ვერ ვიტყოდით ევროპის პერიფერიაზე. ამჯერად, გერმანიის მრეწველობა, ენერგიის ფასების ზრდისა და ძვირადღირებული რუსული გაზის ჩანაცვლების გამო, ზეწოლას განიცდის. 2012 წელს გერმანიას უზარმაზარი სავაჭრო ნამატი ჰქონდა. ახლა ის დეფიციტშია.

ევროპის პერიფერიის ქვეყნები, როგორიცაა იტალია, ობლიგაციების ბაზარზე ფულის სასესხებლად გერმანიაზე უფრო მაღალი ფასის გადახდას განაგრძობენ. თუმცა, ნაწილობრივ ECB-ის წყალობით, გასულ ათწლეულთან შედარებით ყველაფერი უფრო მარტივად იმართება. იტალიურ-გერმანული 10-წლიანი ობლიგაციების სპრედი გაცილებით მცირეა, ვიდრე 2012 წელს იყო.

სამომხმარებლო ძალა

მომხმარებელთა ნდობა დღეს საშინელ მდგომარეობაშია. მომხმარებელთა დეფოლტის საზომები მკვეთრად გაიზარდა 2006 და 2007 წლებში, რამაც ფინანსური კრიზისი გამოიწვია და მომდევნო წლებში ზრდა შეინარჩუნა. ჯერჯერობით იმავეს ვერ ვხედავთ.

საცხოვრებელი სახლები

რა თქმა უნდა, სამომხმარებლო სურათში ძირითადი განსხვავება საცხოვრებლებზე მოდის. სახლების ფასების ვარდნა 2006 წელს დაიწყო, ბაზრის ჩამოშლამდე დიდი ხნით ადრე. ამჯერად საცხოვრებელი სახლების ბაზარზე გარკვეული დონის სისუსტეებს ვხედავთ, თუმცა ფასების ეროვნული საზომების შემცირება არ ფიქსირდება.

საქონელი > ფული

10 წლის წინ მსოფლიოს ძირითადად ფულის დეფიციტი აწუხებდა. დღეს სტრესის ძირითადი წყარო საქონლის ნაკლებობაა, განსაკუთრებით ენერგიის. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც გაზისა და სხვა საქონლის ახალ წყაროებს ეძებენ და არა ფულს. ენერგეტიკული სუვერენიტეტი ახალი ფულადი სუვერენიტეტია.

კაპიტალი vs. შრომა

2007 წლის გაზაფხულიდან შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონემ დაიწყო ზრდა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ S&P 500-მა პიკს მიაღწია. ამჯერად როლები შეცვლილია. აქციები უკვე თითქმის 8 თვეა ვარდნის ეპიზოდშია, მაშინ როცა უმუშევრობის დონე არ იზრდება.

სამრეწველო წარმოება

შეერთებულ შტატებში, ინდუსტრიულმა წარმოებამ სერიოზული ვარდნა 2008 წლის დასაწყისში დაიწყო. ამჟამად ის კვლავ ახალ სიმაღლეებს იპყრობს.

ხელფასები ზრდის შეფერხება

Atlanta Fed-ის ხელფასების ზრდის ტრეკერის თანახმად, დაბალანაზღაურებადი მუშაკებისთვის ხელფასების ზრდა ახლა ბევრად აღემატება მაღალი შემოსავლის მქონეებისას. ეს ტენდენცია ძალიან განსხვავდება 2008 წლის შემდგომი გარემოსგან.

აშშ და დანარჩენი მსოფლიო ოფიციალურად შედიან რეცესიაში თუ არა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ძალიან განსხვავებული გარემო გვაქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო ვაიზენტალი