LIVE

მოსახლეობის რაოდენობით, 2023 წლისთვის, ინდოეთი ჩინეთს გადააჭარბებს

12 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 7993
მოსახლეობის რაოდენობით, 2023 წლისთვის, ინდოეთი ჩინეთს გადააჭარბებს
Dhiraj Singh/Bloomberg

მოსალოდნელია, რომ 2023 წელს, გაეროს მიერ განსაზღვრულზე 4 წლით ადრე, ინდოეთმა ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით გადააჭარბოს. 

გაეროს გამოთვლებით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 8.5 მილიარდამდე გაიზრდება. 

2022 წლის მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივის შესახებ ანგარიშის მიხედვით, 2050 წლამდე პროგნოზირებული ზრდის ნახევარზე მეტი დღეიდან 8 ქვეყანაზე მოდის. ესენია: კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდოეთი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები და ტანზანია. 

ანგარიშის მიხედვით, დიდი ალბათობით, ჩინეთი მომავალი წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, სრულ ვარდნას განიცდის. 

როგორც ჩინელი მაღალჩინოსნებიც აღნიშნავდნენ, ქვეყნის მოსახლეობას პიკური ოდენობისთვის 2022 წლის დასაწყისში უნდა მიეღწია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის 1.41 მილიარდიანი მოსახლეობა 1950-იანი წლებიდან დღემდე საკმაოდ ნელი ტემპით იზრდება. უფრო ადრეულ ანგარიშებზე დაყრდნობით კი, ზემოხსენებული ნიშნულით 2027 წლისთვის ჩინეთს ინდოეთმა უნდა გადააჭარბოს.

როგორც მოსალოდნელია, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 9.7 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს, 2100 წლისთვის კი - 10.4 მილიარდამდე, რაც გაეროს მიერ 2019 წელს განსაზღვრულ 11 მილიარდზე ნაკლებია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არჩანა ჩაუდარი