LIVE

რუსეთმა ევროპელი დიპლომატები გააძევა

06 თებ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
რუსეთმა ევროპელი დიპლომატები გააძევა
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთმა პოლონეთის, გერმანიისა და შვედეთის დიპლომატები ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებში მონაწილეობის ბრალდებით გააძევა. ამ ეტაპზე უცნობია იმ დიპლომატიური წარმომადგენლების ვინაობა და რაოდენობა, რომლებსაც რუსეთი პერსონა ნონ-გრატად აცხადებს.

რუსეთის ქმედებამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მხრიდან, რომლებმაც თავდაცვის სფეროს ინიციატივების შესახებ ვიდეო კონფერენციის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მტკიცედ ვგმობ მოვლენებს, რაც რუსეთში ხდება“ განაცხადა ემანუელ მაკრონმა ალექსეი ნავალნისა დაპატიმრებისა და მისი მხარდამჭერების დაკავებების შესახებ.

ანგელა მერკელმა დიპლომატების გაძევებას რუსეთში „კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის“ კიდევ ერთი მაგალითი უწოდა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია კრემლთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება.

დიპლომატების გაძევებას წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიპლომატების გაძევება „არ არის გამართლებული და კიდევ უფრო აზიანებს ურთიერთობებს ევროპასთან“ - აღნიშნა ჰეიკო მაასმა. მისი მტკიცებით, გერმანიის ელჩი  საკუთარ მოვალეობას ასრულებდა ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ის მოქმედებდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მიხედვით და „თუ რუსეთის ფედერაცია არ გადახედავს ამ ნაბიჯს, ის უპასუხოდ არ დარჩება“.

მოსკოვმა დიპლომატები ევროკავშირის საგარო პოლიტიკის უმაღლესი რანგის წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად გააძვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეპან კრავჩენკო და კრის რაიტერი