LIVE

ჩინეთი და აშშ ტრამპის ეპოქის სავაჭრო ტარიფების შემსუბუქებას განიხილავენ

05 ივლ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 883
ჩინეთი და აშშ ტრამპის ეპოქის სავაჭრო ტარიფების შემსუბუქებას განიხილავენ

შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა ეკონომიკური სანქციები და სავაჭრო ტარიფები განიხილეს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლოსაა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გაუქმებასთან.

ჩინეთის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური პოლიტიკა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაცია. მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ სფეროებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება ორივე ქვეყნის და დანარჩენი მსოფლიოს საკეთილდღეოდ. განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები იყო პრაგმატული და კონსტრუქციული.

შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებებს “გულწრფელი და არსებითი” უწოდა, მაგრამ ტარიფები ან სანქციები არ უხსენებიათ. სავაჭრო მდივანმა ჯანეტ იელენმა “გულწრფელად წამოჭრა შემაშფოთებელი საკითხები, მათ შორის რუსეთის ომის გავლენა უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიო ეკონომიკაზე და ისაუბრა ჩინეთის უსამართლო, არასაბაზრო” ეკონომიკურ პრაქტიკაზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა შესაძლოა მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს ტარიფების ნაწილობრივ მოხსნა ასობით მილიარდი დოლარის ჩინურ საქონელზე. ინფლაციის ზრდასთან ერთად იზრდება მოლოდინი, რომ აშშ შეამცირებს გადასახადებს ყოველდღიური საქონლის ღირებულების შესამცირებლად.

იელენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ადმინისტრაციას სურდა იმ ტარიფების გადახედვა, რომლებიც “ნამდვილად არ იყო დაწესებული სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით”. საწინააღმდეგო პოზიცია აქვს შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაის, რომელმაც გადასახადებს უწოდა “ბერკეტი” ჩინეთის წინააღმდეგ და აინტერესებდა, რამდენად იმოქმედებდა ეს ინფლაციაზე.

პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციას არ უწარმოებია არსებითი ეკონომიკური მოლაპარაკება ჩინეთთან. აზიის ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე რეგიონულ მოკავშირეებთან. თუმცა, პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტარიფები მხოლოდ შეზღუდულ გავლენას მოახდენს ინფლაციასა და ჩინეთის ვაჭრობაზე, ხოლო მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში შესაძლო რეცესია დიდ საფრთხეს უქმნის ჩინეთის პერსპექტივას.

“ჩინურ ექსპორტზე ტარიფების ნეგატიური გავლენა შეზღუდულია, ამიტომ მათი შემცირება დიდ გავლენას არ მოახდენს. ექსპორტის ყველაზე დიდი რისკი მოკლევადიან პერსპექტივაში არის პოტენციური რეცესია აშშ-ში. ტარიფებით თუ მის გარეშე, ჩინეთის ექსპორტის ზრდა მაინც შენელდება”, - ამბობს ლარი ჰუ, Macquarie Group-ის ჩინეთის ეკონომიკური ანალიზის ხელმძღვანელი.

Barclays-ის გათვლით, ტარიფების სრული გაუქმების შემთხვევაში, აშშ-ის ინფლაციაზე მაქსიმალური პირდაპირი ეფექტი იქნება ერთჯერადი შემცირება 0,3 პროცენტული პუნქტით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა წელს Covid-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დააზიანა, ექსპორტი აშშ-ში 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 15.1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, მას შემდეგ რაც 2021 წელს თითქმის 28%-ით და 2020 წელს 8%-ით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, წელს აშშ-დან ჩინეთში იმპორტი 4%-ით გაიზარდა, რაც ორმხრივ სავაჭრო ბალანსს ახალ რეკორდულ ნიშნულზე აყენებს.

ჩინეთმა არაერთხელ გააკრიტიკა როგორც აშშ-ის სანქციები მის კომპანიებზე, როგორიცაა Huawei Technologies, ასევე ტარიფები მის საქონელზე.

აშშ-ის სანქციები არის ცალმხრივი და პროტექციონისტული დაშინება მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების სახელით. ინფლაციის მკვეთრ მატებასთან ერთად, რაც უფრო მალე მოიხსნება ტარიფები ჩინურ საქონელზე, მით უფრო მალე ისარგებლებენ მომხმარებლები და ბიზნესი”,- განაცხადა შუ ჯუეტინგმა, ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პეკინში.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლიდან ჩინურ ექსპორტზე ტარიფები დააწესა.

ჩინეთმა უპასუხა თავისი გადასახადებით საქონელზე აშშ-დან და მიუხედავად იმისა, რომ გარიგება გაფორმდა 2020 წლის იანვარში, ჩინეთმა ჯერ არ დააკმაყოფილა შესყიდვების შეთანხმებული მოთხოვნები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია