LIVE

ირანი რუსეთთან კონკურენციის გამო ნავთობს აიაფებს

04 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1058
ირანი რუსეთთან კონკურენციის გამო ნავთობს აიაფებს

ირანი იძულებულია მისი ისედაც იაფი ნედლი ნავთობი კიდევ უფრო გააიაფოს, რადგან რუსეთი ჩინეთის ბაზარზე უფრო დიდ ადგილს იკავებს.

ჩინეთი რუსული ნავთობისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების წერტილი გახდა, რადგან მოსკოვი ცდილობს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნაკადები სტაბილურ დონეზე შეინარჩუნოს. შედეგად, გაიზარდა მისი ირანთან კონკურენცია რამდენიმე ბაზარზე, რომელიც ქვეყნისთვის ჯერ ისევ ხელმისაწვდომია.

რუსული ექსპორტი ჩინეთში მაისში რეკორდულად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ნავთობის ფასები შეამცირა, რათა ჩინეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი დარჩეს, ის კვლავ ინარჩუნებს ძლიერ ნაკადებს, სავარაუდოდ, გაზრდილი მოთხოვნის გამო.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოდან ირანიდან მხოლოდ 3 თვის იმპორტი ფიქსირდება, მაგრამ მესამე მხარის მონაცემები ნედლი ნავთობის სტაბილურ ნაკადზე მიუთითებს. Kpler-ის მიხედვით, აპრილში შემცირების შემდეგ, მაისსა და ივნისში იმპორტი დღეში 700,000 ბარელამდე გაიზარდა. თუმცა, ინდუსტრიის კონსულტანტი FGE ამბობს, რომ რუსულმა ურალმა ირანული ბარელები ჩაანაცვლა.

მოვაჭრეების მიხედვით, ირანული ნავთობის ფასი თითქმის $10-ით შემცირდა, რათა ურალის ტვირთებს, რომელთა ჩამოსვლა აგვისტოში იგეგმება, კონკურენცია გაუწიოს. 

ჩინეთის დამოუკიდებელი გადამამუშავებლები რუსული და ირანული ნედლი ნავთობის მთავარი მყიდველები არიან. მათთვის იაფი მიწოდება მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო გადამამუშავებლებისგან განსხვავებით საწვავის ექსპორტზე მათთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

მოვაჭრეების თქმით, ნაკლებად გოგირდოვანი და მაღალი ხარისხის რუსული ESPO-ს ნედლი ნავთობი ირანულ ნავთობთან შედარებით ძვირია, მაგრამ მაინც უფრო იაფია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის ნავთობი. ჩინეთის მზადყოფნა იყიდოს ფასდაკლებული ნავთობი მისი წარმომავლობის მიუხედავად სხვა მწარმოებლების ნაკადებს ამცირებს.

Kpler-ის ნავთობის უფროსი ანალიტიკოსის ჯეინ ქსიის თქმით, დასავლეთ აფრიკა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია. განსაკუთრებით ეს ეხება მიმწოდებლებს ანგოლადან, გაბონიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან. დასავლეთ აფრიკის ნაკადები გასულ თვეში დღეში საშუალოდ 642 000 ბარელს შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2013 წლის ნოემბრის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია