LIVE

საქართველოს საგარეო ვალი ₾68.4 მილიარდამდე გაიზარდა

30 ივნ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 977
საქართველოს საგარეო ვალი ₾68.4 მილიარდამდე გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით $22.1 მილიარდი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 110.8%-ია.

სებ-ის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $6.1 მილიონით გაიზარდა. 

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა $10.4 მილიარდი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1%-ია. აქედან: სამთავრობო სექტორის ვალია $7.8 მილიარდი (24 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - $942.6 მილიონი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, $438.5 მილიონი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 %) და $1.2 მილიარდი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3%).
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $5 მილიარდი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - $4.9 მილიარდი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8%) და კომპანიათაშორისმა ვალმა - $3.5 მილიარდი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3%).

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, $13.3 მილიარდი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი $6.3 მილიარდია (19.6 მლრდ ლარი, მშპ-ს 31.7%).