LIVE

ჩინეთი NATO-ს მოუწოდებს ცივი ომის მენტალიტეტზე უარი თქვას

30 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 612
ჩინეთი NATO-ს მოუწოდებს ცივი ომის მენტალიტეტზე უარი თქვას

ჩინეთმა NATO-ს მოუწოდა, უარი თქვას ცივი ომის მენტალიტეტზე მას შემდეგ, რაც სამხედრო ალიანსმა განაცხადა, რომ აზიის ქვეყანა უსაფრთხოებისთვის სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს.

ევროკავშირში ჩინეთის მისიის წარმომადგენელმა ამის შესახებ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO-ს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული კონცეფცია, დოკუმენტი პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, სავსეა ცივი ომის მიდგომებით და იდეოლოგიური მიკერძოებით. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დოკუმენტი ბოროტად ესხმის თავს ჩინეთს და ლახავს მის რეპუტაციას.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმა ტექსტში აღნიშნეს, რომ ჩინეთის გაცხადებული ამბიციები და ძალადობრივი პოლიტიკა გამოწვევის წინაშე აყენებს მათ ინტერესებს, პრინციპებსა და ღირებულებებს. ორგანიზაციის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს გაღრმავებად სტრატეგიულ პარტნიორობას პეკინსა და მოსკოვს შორის.

სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელიც მომდევნო 10 წლის პრიორიტეტებს ასახავს, ნათქვამია, რომ ჩინეთი ბუნდოვანია მისი განზრახვებისა და სამხედრო გაძლიერების შესახებ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის კიბერ და დეზინფორმაციული ოპერაციები ზიანს აყენებს მოკავშირეებს, ცდილობს გააკონტროლოს უსაფრთხოების ძირითადი ინფრასტრუქტურა და დაარღვიოს საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის კოსმოსურ, კიბერ და საზღვაო სივრცეებში.

"ჩვენ მოვუწოდებთ NATO-ს შეწყვიტოს დაპირისპირების პროვოცირება იდეოლოგიური ხაზების გავლებით, უარი თქვას ცივი ომის მენტალიტეტზე. ნულოვანი ჯამის თამაშის მიდგომებზე და შეაჩეროს დეზინფორმაციული და პროვოკაციული განცხადებები ჩინეთის წინააღმდეგ",- ნათქვამია ჩინეთის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-ს მისი ზრდის ჩახშობის მიზნით ბლოკების შექმნის მცდელობაში ხშირად ადანაშაულებს. მარტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ვაშინგტონი ინდო-წყნარ ოკეანეში NATO-ს ვერსიის შექმნის მცდელობის შესახებ გააფრთხილა და თქვა, რომ მიზანი აშშ-ის ხელმძღვანელობით ჰეგემონიის სისტემის შენარჩუნება იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალია დროძიაკი