LIVE

ქართული ბიზნესისთვის რუსეთთან გართულებულ ვაჭრობაში რეპუტაციული პრობლემა ნაკლებ მნიშვნელოვანია

30 ივნ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 897
ქართული ბიზნესისთვის რუსეთთან გართულებულ ვაჭრობაში რეპუტაციული პრობლემა ნაკლებ მნიშვნელოვანია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა გამოკითხული კომპანიების 74%-სთვის უარყოფითი აღმოჩნდა.

2022 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ გავლენა დადებითი იყო.

ომის და სანქციების გავლენა ყველაზე უარყოფითი ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა. კერძოდ, სექტორში გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ გავლენა უარყოფითი იყო, ხოლო 11%- ის განცხადებით – ძალიან უარყოფითი.

ომით და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით გამოწვეულ იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც უარყოფითად იმოქმედა ბიზნესსაქმიანობაზე, ყველაზე ხშირად დასახელდა მსოფლიო ბაზარზე წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემები (კომპანიების 72%), რასაც მოჰყვა შუალედურ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები (56%), შეჩერებული იმპორტ- ექსპორტი უკრაინასთან (48%) და გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (39%).

თავის მხრივ, II კვარტალში გამოკითხულ იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები დაასახელეს, ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად, ყველაზე ხშირად, ფულადი ანგარიშსწორების პრობლემა დაფიქსირდა (68%). ამასთან, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გართულების შესაძლო განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, ყველაზე იშვიათად, რეპუტაციული პრობლემები (26%) და სავაჭრო პარტნიორების სანქცირებულთა სიაში მოხვედრა (19%) დასახელდა.

რეპუტაციული პრობლემები, როგორც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გართულების შესაძლო მიზეზი, ყველაზე ხშირად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (67%). სანქცირებულთა სიაში სავაჭრო პარტნიორების მოხვედრა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა მომსახურების სექტორისთვის (40%).

II კვარტალში გამოკითხული კომპანიების ძირითადი ნაწილი (46%) ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოკლევადიან პერიოდში მათი პროდუქციის/მომსახურების ფასებზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა 39% კი ფასების ზრდას ვარაუდობს, ხოლო 3%-ის აზრით ფასები ძალიან გაიზრდება.

ამასთან, კომპანიების უმრავლესობა (85%) ფიქრობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ომს და სანქციებს მათ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა მხოლოდ 8% ვარაუდობს შემცირებას, ხოლო 1% ძალიან შემცირებას.

კომპანიებს შორის, რომელზეც ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, 34% მიიჩნევს, რომ ომამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაღწევად 1-2 წელი დასჭირდებათ, 27%-ის აზრით აღდგენისთვის 1 წელზე ნაკლებია საჭირო, გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ომამდელ მდგომარეობამდე მისაღწევად 3-5 წელი დასჭირდებათ, ხოლო აღდგენისთვის 5 წელზე მეტი დროის საჭიროება არ დაფიქსირებულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა ნაწილისთვის (33%) მდგომარეობა ახლაც სტაბილურია.

ცნობისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს.