
64 წლის ბონგბონგ მარკოსი, რომელიც სასტიკი დიქტატორის შვილია, არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, მის ოჯახს კი სახელმწიფოს მიმართ $3,6 მილიარდი მართებს, ფილიპინების ახალარჩეული პრეზიდენტია. თუ ის ვინმესთვის მადლობის თქმას დააპირებს, ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს მოკლე ვიდეოების ჩინური პლატფორმა TikTok.
6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Facebook-ი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად გამოიყენეს. ამ დროის განმავლობაში ამერიკულმა სოციალურმა მედია გიგანტმა გზა ახალშექმნილ, ბევრად უფრო ვირუსულ პლატფორმას დაუთმო.
შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ, როგორ დაეხმარა TikTok მარკოსს, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პლატფორმა მთავარ როლს შეასრულებს მომავალ არჩევნებში როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"მარკოსების ოჯახი მოაბრუნა პლატფორმამ, რომელმაც წარსულს პრიალა ბზინვარება შესძინა", - ამბობს ლონდონში მდებარე სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის დეზინფორმაციისა და ექსტრემიზმის ანალიტიკოსი სიარან ო’კონორი.
TikTok არ არის ერთადერთი პლატფორმა, რომელსაც პოლიტიკური აქტორები ბოლო არჩევნებში იყენებენ. კონკურენტების მიმართ მიზანმიმართული თავდასხმებისა და დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებისთვის ასევე აქტიურად გამოიყენება Meta-ს Facebook-ი და Alphabet-ის YouTube.
ის, რაც TikTok-ს სხვებისგან გამოარჩევს, მოკლე ვიდეოებია, რომლებსაც მომხმარებლები გაუმჭვირვალე ალგორითმის მეშვეობით, ავტორების გამოწერის გარეშე ხედავენ.
პოლიტიკურ სფეროში, ასეთი ვიდეოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისტორიულ ფაქტებზე ეჭვის გაჩენის მიზნით ან ოპონენტების შესახებ დეზინფორმაციის გამოსაყენებლად. ამ მიზნით ხშირად გამოიყენება განცხადებები, რომლებიც არასწორად არის ციტირებული ან კონტექსტს მოკლებულია. ვიდეოების სისხარტიდან გამომდინარე, ისინი ადვილად იქცევენ ყურადღებას. ასეთი პოსტები შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩეთ შინაარსის მოდერატორებს.
TikTok, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრ პრობლემას აწყდება და მათ მოგვარებას სხვადასხვა გზებით ცდილობს. მათ შორისაა პოლიტიკური რეკლამის და მავნე პოლიტიკური დეზინფორმაციის აკრძალვა, ასევე ავტორიტეტული ორგანოებისთვის ბმულების მიწოდება და ფაქტების შემმოწმებელ გარე ორგანიზაციებთან პარტნიორობა.
2019 წელს კომპანიამ დაიწყო გამჭვირვალობის ანგარიშების გამოქვეყნება "იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს წესდებას და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნას", - ნათქვამია Bloomberg-ისთვის გაგზავნილ წერილში.
TikTok-ი კონტენტის მოდერაციისთვის ასევე იყენებს მანქანურ ინსტრუმენტებს. პოსტების წაშლის გარდა, მას შეუძლია შეანელოს ვიდეოს გავრცელება TikTok-ის For You feed-ის მეშვეობით.
TikTok-ის განცხადებით, წაშლილი ვიდეოების უმრავლესობა, წესდების დარღვევის გამო, იქამდე წაიშალა, სანამ ამის შესახებ პლატფორმას შეატყობინებდნენ.
სპეციალისტები შიშობენ, რომ TikTok ვერ შეძლებს დროულად გააძლიეროს შინაარსის მოდერაცია და აღუდგეს მის ბოროტად გამოყენებას, თუმცა აშშ-ში არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი. ფილიპინების ბოლო არჩევნებში მისი როლის გათვალისწინებით, შეერთებულმა შტატებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს: TikTok მოდის.
TikTok-ის პროპაგანდის იარაღად გამოყენებაზე საუბარია მიმდინარე წლის დასაწყისში ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც. კვლევის მიხედვით, საქართველოში Facebook-ის მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია TikTok-ის პლატფორმაზე, მათ შორისაა „ალტ-ინფოს“ ქსელი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმ კულპანი