LIVE

რუსეთში პროგრამული უზრუნველყოფის კრიზისია

28 ივნ 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 926
რუსეთში პროგრამული უზრუნველყოფის კრიზისია
Bloomberg

რუსეთის დამოკიდებულება უცხოურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ქარხნების, ფერმებისა და ნავთობის საბადოების გასამართად, შიდა ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცევა. ქვეყანას სულ უფრო მეტი IT პროვაიდერი ტოვებს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

საერთაშორისო სანქციებმა და ომის გამო არსებულმა დაძაბულობამ აიძულა მწარმოებლები Siemens-დან SMS Group-მდე, შეწყვიტონ ოპერაციები ერთ დროს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე. პროგრამული უზრუნველყოფის დეფიციტმა შესაძლოა საავტომობილო ინდუსტრიაც კი ჩამოიტოვოს. 

IDC-ის რუსეთის ანალიტიკოსის, ელენა სემენოვსკაიას თქმით, დიზაინისა და წარმოებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ძიება სერიოზულ პრობლემად იქცევა, რომელიც შეანელებს განვითარებას.

“რუსი კოლეგები ამ სფეროში გაცილებით სუსტი არიან და საჭიროება დიდია. ამ დროისთვის, მიდგომა არის დაყრდნობა მეკობრეობასა და მოძველებულ ანალოგებზე, რაც სიცოცხლისუნარიანი არ არის”, - თქვა სემენოვსკაიამ. 

Severstal-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორმა სერგეი დუნაევმა განაცხადა, რომ უცხოური პროგრამული უზრუნველყოფა ხშირად ჩართულია უშუალოდ სამრეწველო აღჭურვილობაში და აკონტროლებს მაღალი სიზუსტის პროცესებს. აღჭურვილობის მწარმოებლები გულდასმით იცავენ მათ ინტელექტუალურ საკუთრებას და ხშირ შემთხვევაში არ აძლევენ მომხმარებლებს წვდომას იმ კოდებზე, რომლებიც ინსტალაციისთვის გამოიყენება.

ფოლადის ინდუსტრიაში, სადაც მაღალი ღირებულების პროდუქტები ითხოვს მილიმეტრის რამდენიმე მეასედის სიზუსტეს, მცირე გადახრებმაც კი შეიძლება პროდუქტები გამოუსადეგარი გახადოს.

რუსეთის ეკონომიკა სტრუქტურული ტრანსფორმაციის პერიოდს გადის, რაც მას რეცესიისკენ უბიძგებს. Severstal-ის მფლობელმა ალექსეი მორდაშოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში ფოლადის გამომუშავება 25%-დან 30%-მდე შემცირდა.

რუსეთის მთავრობა ხაზს უსვამს იმპორტის ჩანაცვლების საჭიროებას მას შემდეგ, რაც ბევრი ინდუსტრია დასანქცირდა. თუმცა, კრემლის ამბიციები არ ითვალისწინებდა იმას, თუ რამდენად არის დამოკიდებული თანამედროვე ბიზნესი პროგრამირებაზე.

რუსეთის ფოლადის ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ ფოლადის მრეწველობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით $59 მილიარდი ჩადო პოსტსაბჭოთა ვარდნის შემდეგ შესაძლებლობების აღსადგენად. თანხის უმეტესი ნაწილი დაიხარჯა ისეთი უცხოური კომპანიების მიერ მოწოდებულ აღჭურვილობაზე, როგორიცაა Siemens-ი, SMS Group-ი და Danieli & C.Officine Meccaniche SpA, სექტორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის, პაველ სოროკინის თქმით, დეფიციტი გამოწვევაა ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის, სადაც შიდა პროგრამული უზრუნველყოფა ინდუსტრიის ინსტრუმენტების მხოლოდ 5%-დან 10%-მდეა და ხშირად “ქვეოპტიმალურია”.

სიტუაციას ამძაფრებს ტრადიციული რუსული ნავთობის საბადოების ამოწურვა, რაც აიძულებს მწარმოებლებს, გამოიყენონ ძნელად აღდგენადი რეზერვები. ისინი კი საჭიროებენ უფრო დახვეწილ აღჭურვილობას და პროგრამებს, თუ ქვეყანას სურს წარმოების მიმდინარე დონეზე შენარჩუნება.

“ულტრაკომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფა სეისმური, წყალსაცავის მოდელირებისთვის, ბურღვისა და ჰიდრავლიკური რღვევისთვის ვერ განხორციელდება, თუ არ გვექნება აღჭურვილობა ყველა ამ პროცესისთვის”, - განაცხადა სოროკინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

ადგილობრივი საკვების წარმოებაც კი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის, Ros Agro-ს ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები, ეყრდნობა იმპორტირებულ წარმოების მართვის სისტემებს, ანუ MES-ს.

პრობლემა კი მხოლოდ ღრმავდება. SAP-მა და Microsoft-მა აგვისტოში უნდა შეწყვიტონ რუსული კომპანიების განახლებები და სერვისები. ბიზნესები და სამთავრობო სერვისები, რომლებიც ეყრდნობიან მათ პროგრამულ უზრუნველყოფას, პოტენციურად დაუცველნი გახდებიან უსაფრთხოების რისკებისა და ვირუსების მიმართ.

რუსეთის 5G მობილური ქსელის ამბიციები ასევე ჩაახშო ომმა, რამაც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დაკარგვის საფრთხე გაზარდა. 

ალტერნატივები კი ერთ ღამეში არ გაჩნდება. MyOffice-ის შემქმნელის, დიმიტრი კომისაროვის თქმით, Microsoft Office-ის შიდა ალტერნატივის შექმნას თითქმის ათი წელი და დაახლოებით $100 მილიონი დასჭირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია