LIVE

რას მოუტანს დეფოლტი რუსეთს?

27 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1227
რას მოუტანს დეფოლტი რუსეთს?

რუსეთმა 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, რაც მას გლობალურ ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო აშორებს.

გასულ თვეში აშშ-მ რუსეთის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის ამერიკული ბანკების საშუალებით გადაახდის შესაძლებლობა დაასრულა. ამის საპასუხოდ, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის დოლარში დენომინირებულ ვალებს რუბლებში გადაიხდის და ინვესტორებს ორიგინალ ვალუტაში შემდგომი კონვერტაციის შესაძლებლობას შესთავაზებს.

რუსეთი ნებისმიერ დეფოლტს ხელოვნურს უწოდებს, რადგან ქვეყანას ვალდებულებების დასაფარად თანხები გააჩნია, მაგრამ სანქციების გამო მისი საზღვარგარეთ არსებული უცხოური ვალუტის რეზერვები გაყინულია.

"არსებობს ფული და მზადყოფნა გადახდისთვის. არამეგობრული ქვეყნის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვითარება არანაირ გავლენას არ მოახდენს რუსების ცხოვრების ხარისხზე",- განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გასულ თვეში.

რა რაოდენობის ვალი აქვს რუსეთს?

რუსეთს დაახლოებით $40 მილიონის უცხოური ობლიგაციები აქვს. ომის დაწყებამდე ქვეყანას დაახლოებით $640 მილიარდის უცხოური ვალუტის რეზერვები და ოქროს მარაგი ჰქონდა, რომლის დიდი ნაწილი ახლა საზღვარგარეთ გაყინულია.

რუსეთმა საერთაშორისო ვალებზე დეფოლტო ბოლოს საუკუნეზე მეტი ხნის წინ განიცადა, როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა და საბჭოთა კავშირი შეიქმნა. ქვეყანამ საშინაო ვალებზე დეფოლტი 1990-იანი წლების ბოლოსაც განიცადა, მაგრამ საერთაშორისო დახმარებით სიტუაციის გამოსწორება შეძლო.

ინვესტორები თვეების განმავლობაში ელოდნენ რუსეთის დეფოლტს. სადაზღვევო კონტრაქტები, რომლებიც რუსეთის ვალს უზუნველყოფს, კვირების განმავლობაში დეფოლტის ალბათობას 80%-მდე აფასებდნენ, ხოლო სარეიტინგო სააგენტოებმა, როგორიცაა Standard & Poor's და Moody's, ქვეყნის ვალი უსარგებლო (junk) კატეგორიაში გადაიყვანეს.

რისი გაკეთება შეუძლიათ ინვესტორებს?

დეფოლტის გამოცხადების ოფიციალური გზაა, თუ ობლიგაციების მფლობელთა 25% ან მეტი განაცხადებს, რომ გადახდა არ მიუღიათ. როგორც კი ეს მოხდება, რუსეთის ყველა სხვა უცხოური ვალის ობლიგაცია ასევე დეფოლტის მდგომარეობაში გადავა, ხოლო ობლიგაციების მფლობელებს შეეძლებათ სასამართლოს გადაწყვეტილება მოითხოვონ გადახდის აღსრულების მიზნით.

ნორმალურ ვითარებაში, ინვესტორები და მთავრობა, რომელიც ვალის გადახდას ვერ ახერხებს, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ანგარიშსწორებაზე, რომლის დროსაც ობლიგაციების მფლობელებს ახალი ობლიგაციები გადაეცემათ ნაკლები ღირებულებით, რათა ინვესტორებმა ნაწილობრივ მაინც აინაზღაურონ დანაკარგები.

თუმცა, ამ შემთხვევაში სანქციები რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობას კრძალავს. არავინ იცის, როდის დასრულდება ომი ან რამდენი ეღირება დეფოლტირებული ობლიგაციები ამ დროისთვის.

ინვესტორებმა, რომლებსაც რუსეთის ვალის მოშორება სურდათ, ბაზარი, სავარაუდოდ, უკვე დატოვეს. მათ, ვინც ობლიგაციები დაბალ ფასებში იყიდა იმ იმედით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისარგებლებდნენ, შესაძლოა გარკვეული ხნით გაჩუმება არჩიონ, რათა თავიდან აიცილონ ომთან ასოცირება.

დეფოლტის შემდეგ, ქვეყანა შეიძლება ობლიგაციების ბაზრიდან გავიდეს, სანამ დეფოლტი არ მოგვარდება და მთავრობა ინვესტორების ნდობას არ დაიბრუნებს. თუმცა, ამ შემთხვევაში რუსეთი უკვე იზოლირებულია დასავლეთის კაპიტალის ბაზრებიდან, ამიტომ მისთვის სესხის აღების პერსპექტივა ნებისმიერ შემთხვევაში შორსაა.

როგორ ვიგებთ, როცა ქვეყანა დეფოლტის წინაშეა?

სარეიტინგო სააგენტოებს შეუძლიათ ქვეყნის რეიტინგი დეფოლტამდე შეამცირონ ან საკითხი სასამართლომ გადაწყვიტოს. ასევე, ობლიგაციების მფლობელებს, რომლებიც საკრედიტო დეფოლტის სვოპებს (კონტრაქტებს, რომლებიც დეფოლტის წინააღმდეგ სადაზღვევო როლს ასრულებენ) ფლობენ, შეუძლიათ ფინანსური ფირმის წარმომადგენელთა კომიტეტს სთხოვონ გადაწყვიტონ უნდა მოხდეს თუ არა გადახდის აღსრულება, რაც დეფოლტის ფორმალურ დეკლარაციას არ წარმოადგენს.

კრედიტის დეფოლტის განსაზღვრის კომიტეტმა 7 ივნისს დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ გადაიხადა საჭირო დამატებითი პროცენტი 4 აპრილის ვადის გასვლის შემდეგ გადასახდელ ობლიგაციაზე. თუმცა, კომიტეტმა გადადო შემდგომი მოქმედება სანქციების პირობებში გაურკვევლობის გამო.

რა გავლენა ექნება რუსეთის დეფოლტს?

დასავლურმა სანქციებმა რუსეთიდან ბევრი უცხოური კომპანიის გასვლა გამოიწვია, ასევე შეაფერხა ქვეყნის ვაჭრობა და ფინანსური კავშირები დანარჩენ მსოფლიოსთან. დეფოლტი ამ იზოლაციის კიდევ ერთი სიმპტომია.

ფინანსური ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის დეფოლტს იგივე გავლენა არ ექნება გლობალურ ფინანსურ ბაზრებსა და ინსტიტუტებზე, რაც 1998 წლის დეფოლტს ჰქონდა. მაშინ რუსეთის საშინაო დეფოლტმა რუბლის ობლიგაციებზე აშშ-ს მთავრობა აიძულა გადაერჩინა მსხვილი ამერიკული ჰეჯ-ფონდი Long-Term Capital Management-ი, რომლის კოლაფსს შესაძლოა ფინანსური და საბანკო სისტემა შეერყია.

ობლიგაციების მფლობელებმა შესაძლოა სერიოზული ზარალი განიცადონ. თუმცა, რუსეთი განვითარებადი ბაზრების ობლიგაციების ინდექსებში მხოლოდ მცირე როლს თამაშობს, რაც ინვესტორებისთვის ზარალს შეზღუდავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, ომის დამანგრეველი შედეგების მიუხედავად, სახელმწიფო ობლიგაციების დეფოლტი სისტემურად რელევანტური არ იქნება.