პანდემიამ ცხადად დაგვანახა თუ როგორი მოწყვლადი ვართ გლობალური გამოწვევების წინაშე შეუქცევადი გლობალიზაციის, სოციალური კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო. თუმცა ამ ფართომასშტაბიანმა გამოწვევამ ასევე დაამტკიცა, რომ ძალების ერთობლივ მობილიზებასა და სექტორთშორისი რესურსებისა და პოლიტიკური ძალისხმევის თავმოყრას, ვაქცინის შექმნა, ათწლეულების ნაცვლად, 10 თვეზე ნაკლებ დროში შეუძლია.
ახალი გამოწვევები ახალ შესაძლებლობებს ქმნის და საფუძველს უყრის მდგრად, ინოვაციურ და ფართო ზეგავლენის მქონე მიდგომებს. თანამედროვე მსოფლიოში სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს შორის ზღვარი ნელ-ნელა იშლება, რადგან საზოგადოებები იაზრებენ ამ სფეროებს შორის უწყვეტ კავშირსა და ერთმანეთზე არსებულ ზეგავლენას. იმ მდგრადი მომავლის შესაქმნელად, რომელსაც 2015 წელს, გაეროს მიერ შემუშავებული 17 მდგრადი განვითარების მიზანი გვპირდება, საჭიროა უპრეცედენტო ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური რესურსის მობილიზება. სწორედ ამიტომ, მე-17 მიზანი - პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - საჯარო, არასამთავრობო, ბიზნეს, საგანმანათლებლო თუ სხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ემსახურება. შესაბამისად, მულტისექტორული თანამშრომლობა მიზანთან ერთად, მიზნის მიღწევის საშუალებაცაა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უნიკალური შესაძლებლობაა ქართული ბიზნესისთვის ადგილობრივ დონეზე შესრულებული საქმიანობით ჩაებას გლობალური მიზნების მიღწევის ფერხულში.
ბიზნესის და რაც მთავარია, მდგრადი ბიზნესის თანამედროვე გაგება ნულოვან-ჯამოვანი თამაში აღარაა, „მოგება“ სხვების „წაგებაზე“ არ არის დამოკიდებული და კორპორაციული მიზნების მიღწევისთვის, სულ უფრო წამყვანი პოზიცია უჭირავს სხვა სექტორებთან პარტნიორობას. ბიზნესის კეთების პროცესში, კორპორაციულთან ერთად, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილების შემოტანა ქმნის ერთგვარ „საზიარო ღირებულებას“ - მოგებული რჩება ყველა - როგორც ბიზნესი, ასევე საზოგადოება.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს:
პარტნიორულ პროექტში ჩართვით, არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ იფიქრონ კრეატიულად, „ჩარჩოს გარეთ“ და დონორი ორგანიზაციების გარდა, ბიზნესიც განიხილონ როგორც დაფინანსების და არამატერიალური მხარდაჭერის მიღების საშუალება; პარტნიორობის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბიზნესებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ ექსპერტული ცოდნა და კოლაბორაცია განახორციელონ საერთო მიზნების გარშემო. მაგალითად, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია და ბიზნესი რომლის პრიორიტეტი გარემოს დაცვაა თავისი საქმიანობის ზეგავლენიდან გამომდინარე, შესაძლოა ერთად ახორციელებდეს პარტნიორულ გარემოსდაცვით პროექტს;
არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ ბიზნესს მიაწოდონ მნიშვნელოვანი ცოდნა, უკუკავშირი და გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტული მოსაზრებები ბიზნესსაქმიანობაში ანტიკორუფციულ, შრომითი უფლებების დაცვის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, გენდერულად სენსიტიურ და სხვა მიდგომებსა და პრინციპებთან დაკავშირებით;
არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელება, თუნდაც არამატერიალური საშუალებებით, როგორიცაა მოხალისეობა, მენტორობა თუ სხვა, მნიშვნელოვნად ამაღლებს თანამშრომლების განწყობასა და ბრენდის მიმართ ერთგულებას, ასევე ავითარებს შიდა ორგანიზაციულ კულტურას;
პარტნიორული პროექტების განხორციელება სამიზნე თემში ბიზნესის რეპუტაციას მნიშვნელოვნად ამაღლებს, ზრდის ბრენდის ცნობადობას და მის მიმართ ნდობას და კეთილგანწყობას.
რამდენიმე მიგნება და რეკომენდაცია:
საჭიროა ცნობიერების ამაღლება კორპორაციულ მდგრადობასა და მულტისექტორულ თანამშრომლობაზე - კორპორაციული მდგრადობის არსი კიდევ ბევრ ბიზნესს უნდა გავაგებინოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში დაბალ ცნობიერებასთან ერთად, გვხვდება ბევრი შემთხვევა, როცა ბიზნესის საქმიანობა კორპორაციული მდგრადობის პრინციპებს მთლიანად ეწინააღმდეგება;
კორპორაციული მდგრადობა ხშირად აღიქმება როგორც პიარის ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულება. ასევე ხშირია მოსაზრება, რომ ამ „მიმართულებას“ საკუთარი ბიუჯეტი სჭირდება. სინამდვილეში, კორპორაციული მდგრადობა ბიზნესის კეთების გზაა, პრინციპია და მას არა საკუთარი ბიუჯეტი, არამედ ბიზნესის ყველა განზომილებაში გათვალისწინება სჭირდება;
არსებობს საქმიანი კავშირებისა და ნდობის დაბალი ხარისხი ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. შესაბამისად, საკმაოდ ბევრია სამუშაო, რომ ხელი შეეწყოს ორივე სექტორის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ერთმანეთის საქმიანობის პრინციპების და მიდგომების შესახებ. ასევე საჭიროა, რომ სათანადოდ წარმოჩინდეს ყველა პარტნიორული პროექტი, რათა საზოგადოებამ მეტი გაიგოს მულტისექტორული თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის შესახებ;
პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილებები არა ბიუჯეტის ან რომელიმე კონკრეტული დეპარტამენტის სურვილის მიხედვით, არამედ კორპორაციული მიზნებიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული, რაც ნიშნავს, რომ კორპორაციული მდგრადობის მისაღწევად საჭიროა პროცესში ჩართული იყოს კომპანიაში მომუშავე ყველა რგოლი და პირველ რიგში, აღმასრულებელი მენეჯმენტი;
პარტნიორული პროექტების წარმოჩენასა და პოპულარიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს იმ არასამთავრობო, საჯარო თუ ბიზნესლიდერებს შორის კოლაბორაციას და თანამშრომლობას, ვისაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მდგრადობის ხელშეწყობის მიმართულებით. ეს უფრო მეტად განავითარებს ინოვაციურ იდეებსა და მიდგომებს და ექნება წამახალისებელი ეფექტი აღნიშნულ სფეროებში მომუშავე სხვა პროფესიონალებზე;
დაბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ კორპორაციული მდგრადობა ყოველდღიური პროცესია და არა ზოგადი მიზანი. მდგრადობის შესანარჩუნებლად კი სხვა სექტორებთან პარტნიორობა მრავალჯერ გამოცდილი და ეფექტური გზაა: ერთი მშვენიერი ქართული ანდაზის არ იყოს, ძალა ნამდვილად ერთობაშია.
სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ყოველკვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.