LIVE

დუბაი რუსული საქონლით მოვაჭრეებისთვის ახალი შვეიცარია ხდება

22 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 951
დუბაი რუსული საქონლით მოვაჭრეებისთვის ახალი შვეიცარია ხდება

შვეიცარიასა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობის ფონზე, რუსული საქონლით მოვაჭრეები დუბაიში ბიზნესის აწყობას ჩქარობენ.

შვეიცარია ათწლეულების განმავლობაში იყო შუამავლების სახლი, რომლებიც ეხმარებოდნენ რუს მწარმოებლებს მყიდველების პოვნაში მთელს მსოფლიოში. ახლა სანქციების გამკაცრება იწვევს ბიზნესის მიგრაციას ემირატში.

რუსული ნავთობის სამი უმსხვილესი მწარმოებელი დუბაის სავაჭრო ოპერაციების შეფასების პროცესშია და რამდენიმე სხვა კომპანია უკვე გადავიდა იქ. შვეიცარიისთვის გარკვეული ნეგატიური შედეგი გარდაუვალი ჩანს მას შემდეგ, რაც ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირის აკრძალვას რუსეთიდან ექსპორტზე.

შემზღუდავმა სანქციებმა გაართულა რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან ვაჭრობა, მათ შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ საქონლის ქვეყნიდან ტრანსპორტირებაში. პრობლემას წარმოადგენდა არაფორმალური თვითსანქციებიც - ბანკებმა გააუქმეს საკრედიტო ხაზები, რომლებიც საჭირო იყო გარიგებების დასაფინანსებლად, ხოლო გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიები ასევე წყვეტენ მომსახურებას.

ამან დუბაის შესაძლებლობა მისცა, უარი ეთქვა სანქციების დაწესებაზე რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რაც ზრდის კონკურენციას შვეიცარიასთან, გლობალური სასაქონლო ვაჭრობის ცენტრთან.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ნეიტრალურია, ის იცავს ევროკავშირის შეზღუდვებს საქონელზე, ბანკებსა და პირებზე, რომლებიც კრემლთან არიან დაახლოებული.

2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვებს, რომლებიც კრძალავს დაზღვევისა და რუსული ნავთობის ტრანსპორტირების დაფინანსებას ბლოკის მიღმა ქვეყნებში. შეზღუდვას შეუერთდება შვეიცარიაც. 

სანქციების სრულად მიღება, სავარაუდოდ, გაართულებს რუსულ ნავთობმოვაჭრეებთან ურთიერთობას და წაახალისებს ზოგიერთ ბიზნესს, ოპერაციები სხვაგან გადაიტანოს.

გასულ თვეში, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის აღმასრულებლები გაფრინდნენ დუბაიში, რათა შეესწავლათ სავაჭრო საწარმოს იდეა. იმავდროულად, Gazprom-ი, რუსეთის ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელი, ასევე ცდილობს გააფართოოს წარმომადგენლობა ქვეყანაში.

Litasco, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Lukoil-ის გაყიდვების ფილიალი, გეგმავს ჟენევიდან დუბაიში გადაიყვანოს გაყიდვებისა და ოპერაციების პერსონალი იმ მოლოდინით, რომ ეს გახდება კომპანიის ახალი ცენტრი და გააფართოებს ტრეიდერების რაოდენობას. Lukoil-ი სიდიდით მეორე ნავთობმწარმოებელია რუსეთში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Solaris Commodities-მა, რუსი მარცვლეულით მოვაჭრემ, გახსნა ოფისი დუბაიში გასულ კვირას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ტრეიდერისთვის უფრო რთული გახდა დაფინანსებაზე წვდომა, რადგან შვეიცარიული ბანკები თავს არიდებენ რუსულ საქონელს.

გართულდა სასაქონლო მოვაჭრეების დაფინანსებაც, რადგან კრედიტორებმა, მათ შორის BNP Paribas-მა და ABN Amro-მ, შეამცირეს ან საერთოდ დატოვეს სექტორი. Sberbank-მა, რომელიც ახლახან დაემატა სანქცირებული კომპანიების სიას, გასულ წელს გააორმაგა სასაქონლო ვაჭრობის დაფინანსების ბიზნესის მოცულობა შვეიცარიაში. თანხები ძირითადად ნავთობქიმიკატების, ლითონების, მარცვლეულისა და სასუქების სექტორში მიედინება, რაც სანქციების შემდეგ შეუძლებელი გახდება.

ადგილობრივი სასაქონლო კომპანიები ასევე იყურებიან ახლო აღმოსავლეთისკენ. Suek-ი, ნახშირის ექსკლუზიური გამყიდველი რუსეთში, გეგმავს სავაჭრო ბიზნესის გახსნას დუბაიში. EuroChem-ი, მსოფლიოში სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის აქტივების უმეტესი ნაწილი რუსეთშია, ასევე აარსებს ობიექტს დუბაიში. უკრაინაში ომის დაწყებამდე ორივე კომპანია მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს ეკუთვნოდა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები იზიდავს მდიდარ რუსებს და მათ ფულს უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ახლა მას მოსდევს სახელმწიფო საწარმოები და კერძო კომპანიები.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შექმნა ფინანსური ინფრასტრუქტურა ასეთი მომენტისთვის. 

დუბაის მრავალი თავისუფალი სავაჭრო ზონა, ახლო აღმოსავლეთის ენერგიის მწარმოებლებთან სიახლოვე და დაბალი გადასახადები ასევე მიმზიდველი აღმოჩნდა. გასულ წელს დუბაის მულტი-სასაქონლო ცენტრმა უმასპინძლა ღონისძიებას მოსკოვის სავაჭრო პალატასთან ერთად, რომლის მიზანი რუსული ბიზნესის მოზიდვა იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არჩი ჰანტერი, ბენ ბარტენშტეინი, ვერიტი რეტკლიფი და ისის ალმეიდა