LIVE

სექტორთშორისი თანამშრომლობა შშმ პირთა დასაქმებისთვის

20 ივნ 202211:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
სექტორთშორისი თანამშრომლობა შშმ პირთა დასაქმებისთვის

შშმ პირთა დასაქმება ქართულ რეალობაში აქტუალური და სენსიტიური საკითხია. თემა იმდენად ყოვლისმომცველია, სხვადასხვა სექტორის ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობა არ არის საკმარისი - კერძო ინიციატივებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლიც მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რათა რაც შეიძლება მეტი შშმ პირი მოიცვან.

ასოციაცია „ანიკა“ ერთ-ერთი მათგანია. მათი მხარდაჭერით, დასაქმების პროგრამა ხელს უწყობს შშმ პირებს სამუშაოს მოძიებაში. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მეშვეობით, ისინი ხის სათამაშოების მწარმოებელ კომპანია „კოდალას“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის დაეხმარნენ შშმ პირების დასაქმებაში. ამ გამოცდილებასა და ზოგადად, სექტორთშორისი თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე ასოციაცია „ანიკასა“ და MBC-ის წარმომადგენლები საუბრობენ.

თქვენი ორგანიზაცია წლებია მუშაობს შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით. რა სირთულეებს უკავშირდებოდა ეს პროცესი საწყის ეტაპზე და როგორია დღესდღეობით ბიზნესის წარმომადგენელთა დამოკიდებულება?

ასოციაცია „ანიკა“ 23 წელია აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შესაქმნელად, რათა მათი ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება უზრუნველყოს. ამისთვის შშმ პირებსა და მათ ოჯახებს ვაწვდით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას; ვცდილობთ, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები განვუვითაროთ, შრომის ბაზრისთვის მოვამზადოთ და დავეხმაროთ დასაქმებაში.

რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ბევრ სირთულეს წავაწყდით, მათ შორის, ბიზნეს სექტორთან ურთიერთობისას: ამ სფეროს წარმომადგენელთა არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარების შესახებ, ამ ადამიანთა ნაკლებ მიმღებლობას და „ზედმეტი პასუხისმგებლობის“ შიშს განაპირობებდა: მათ არარეალურ მოთხოვნებს უყენებდნენ. ქვეყანაში დამკვიდრებული ცრურწმენა და სტერეოტიპები ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა, თუმცა, ბოლო დროს დადებითი ცვლილებები შეინიშნება, რაშიც „ანიკას“ დიდი წვლილი მიუძღვის არის ის, რომ სამუშაოს მაძიებლების პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ დამსაქმებლებთანაც. ჩვენი მიზანია, კონკრეტულ პოზიციაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მთავარ კრიტერიუმად მათი კომპეტენტურობა მოიაზრებოდეს და არა შეზღუდული შესაძლებლობები.

მუშაობის პროცესში, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გარდა, ვზრუნავთ ბიზნესის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი სამუშაო გარემოს მომზადებაზე, მათში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაზე. დასაქმების დროს კი აუცილებლად ვითვალისწინებთ ბიზნესის ინტერესს და დამსაქმებლებს ვაკანსიაზე მორგებულ კომპეტენტურ კანდიდატს ვთავაზობთ. თუ რამდენიმე წლის წინ კომპანიათა ნაწილი თავს იკავებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისგან, დღეს უკვე თავადვე გამოხატავენ ინტერესს და თანამშრომლობისთვის მოგვმართავენ. „ანიკას“ სანდოობა და რეპუტაცია ამ სფეროში ძალიან მაღალია.

როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა „კოდალასთან“ და MBC-ისთან და რა სპეციფიკა ჰქონდა თითოეულთან მუშაობას?

„კოდალას“ და MBC-ის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელშეწყობით დავუკავშირდით. ჩვენი ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრის („ბიზნესის სენსიტიზაცია შშმ საკითხების მიმართ“) შემდეგ, ამ ორმა კომპანიამ თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. დავიწყეთ თითოეულ მათგანთან მუშაობა, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებული აღმოჩნდა. ზოგიერთი კომპანიისგან განსხვავებით, მათ ჰქონდათ სურვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დაესაქმებინათ და ინკლუზიური სამუშაო გარემო შეექმნათ. ამასთან, კარგად აცნობიერებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა COVID-19-ის პანდემიას დაემთხვა, მოლაპარაკებები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რეგულაციების დაცვით მოეწყო შეხვედრაც და ამჟამად „ანიკას“ ხელშეწყობით MBC-ში ერთი ადამიანია დასაქმებული ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, „კოდალასთან“ კი პანდემიის დარეგულირების შემდეგ განვაახლებთ თანამშრომლობას.

რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორულ პროექტებს ცალკეული კომპანიებისა და თავად იმ საქმისთვის, რასაც ისინი ემსახურებიან? რა დადებითი შედეგები მოაქვს?

პარტნიორული პროექტები მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული კომპანიების, ასევე იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან. ბუნებრივია, როცა კონკრეტული მიზნისთვის სხვა ორგანიზაციებთან ერთად მუშაობ, შედეგიც უფრო ეფექტიანია. ძალებისა და რესურსების გაერთიანება კი ხარისხსაც აუმჯობესებს და პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საერთო მიზნისთვის სხვადასხვა ინტერესებისა და მიზნების მქონე კომპანიები ერთიანდებიან: განსხვავებული რესურსებისა და შესაძლებლობების ერთობლიობა კარგ შედეგს იძლევა.

პარტნიორული პროექტები ცალკეული კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სექტორებს შორის კავშირი ძლიერდება, რაც ჩვენს რეალობაში უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, კომპანია იძენს ახალ და საინტერესო გამოცდილებას. ეს ყოველივე კი ინკლუზიურ გარემოს ქმნის და დიდი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

რა ზეგავლენას ახდენს ეს ყველაფერი საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის გაუმჯობესებაზე?

გამომდინარე იქიდან, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა სულ უფრო აქტუალური ხდება, მეტი ორგანიზაცია ცდილობს შესაბამისი პროექტების დაგეგმვას, რაც ძალიან კარგია. შშმ პირთა უფლებები და მათი რეალიზება საზოგადოებაში აღნიშნულ თემას უკავშირდება და ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. არაერთი ბარიერის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შშმ პირთა დასაქმების საკითხი წლების წინ არსებულთან შედარებით გაუმჯობესდა, რაც დიდწილად სწორედ იმ ორგანიზაციების, პარტნიორული პროექტების, ინიციატივებისა და ჩართულობის დამსახურებაა, რომლებიც ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ზრდის საქართველოში კორპორაციულ პასუხისმგებლობას.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ყოველკვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.