LIVE

მაისში საქართველოში ყველაზე მეტი, $46 მილიონი რუსმა მოგზაურებმა დახარჯეს

17 ივნ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 825
მაისში საქართველოში ყველაზე მეტი, $46 მილიონი რუსმა მოგზაურებმა დახარჯეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა $258 581 861 შეადგინა. აღდგენილია 2019 წლის შემოსავლების 95.6%. 2021 წლის მაისთან შედარებით კი, მოგზაურების მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხის მოცულობა 250.4%-ით გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 46 მლნ 200 ათასი დოლარი, რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა დახარჯეს. მეორე ადგილს ბელორუსი იკავებს.

საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლების მაისის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით შემდეგია:

  • რუსეთი - 46 მლნ 200 ათასი დოლარი;
  • ბელორუსი - 28 მლნ 600 ათასი დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - 25 მლნ 100 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 25 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 24 მლნ 300 ათასი დოლარი;
  • ისრაელი 23 მლნ 100 ათასი დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 11 მლნ 700 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 8 მლნ 900 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 7 მლნ 800 ათასი დოლარი;
  • ირანი - 6 მლნ 800 ათასი დოლარი. 

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარი-მაისის მონაცემებს, პირველ 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა $840 879 162 შეადგინა. აღდგენილია 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%,  2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები 374.5%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, PMC-ის მიმოხილვის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტსა და აპრილში, საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ. მარტსა და აპრილში საქართველოში 93 900 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ქვეყანა კი 56 100-მა რუსმა დატოვა. 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთი ლიდერობს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მაისის სტატისტიკაშიც. ერთ თვეში საქართველომ ჯამში 505 მლნ 700 ათასი დოლარის (1 მლრდ 502 მლნ ლარი) ფულადი გზავნილი მიიღო. ამ თანხის 62% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. მხოლოდ მაისში რუსეთიდან 314 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც რუსეთიდან თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების ისტორიული მაქსიმუმია. წლიური ზრდა 889%-ია.