
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, 06.06.2022-12.06.2022 მონაცემებით, COVID-19-ის სტატისტიკა შემდეგია:
- დადასტურდა: 515 ახალი შემთხვევა;
- გამოჯანმრთელდა: 546;
- აღირიცხა 3 გარდაცვალება;
- სულ ჩატარდა - 100 232 ტესტი;
- 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.51%.
რაც შეეხება ვაქცინაციას, 06.06-12.06 პერიოდში სულ ჩატარდა 2 128 აცრა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 1 269 337 ადამიანი, ანუ 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 44.2%. ვაქცინაციის ეროვნულ გეგმით, ივლისში ორჯერადად აცრილი, ქვეყნის მოსახლეობის 70% უნდა იყოს.