
ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულმა მანქანამ ძლიერი ერის იმიჯი შექმნა დაუმარცხებელი ლიდერითა და დისციპლინირებული არმიით, რომელიც მტრებითაა გარშემორტყმული და სამშობლოს მომავლისთვის იბრძვის. გზისპირა ბილბორდებზე დაღუპული ჯარისკაცების პორტრეტებს "გამარჯვების გმირი" აწერია, თუმცა რეალური ტრიუმფი არ ჩანს.
კრემლი მის ოფიციალურ ნარატივს მაინც ებღაუჭება. თუმცა, ომის გაგრძელებასთან ერთად, კამპანიის მიზნები იცვლება. არსებობს ერთი არასასიამოვნო სიმართლე, რომლის ჩახშობაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც კი სულ უფრო უჭირს: ჯარისკაცები, რომლებიც სახლში ვერ ბრუნდებიან. არცერთი ამომრჩეველი არ არის ისეთი რთული დასაიგნორებლად, როგორც ჯარისკაცების დედები, ცოლები და შვილები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მზარდ ეკონომიკურ გაჭირვებასთან ერთად, უკმაყოფილებაც იზრდება. წარსულში მათმა რისხვამ და წყენამ ხელი შეუწყო საზოგადოებრივი აზრის გაღვივებას, რამაც სამხედროებისა და სახელმწიფოს იმიჯი შელახა. იგივე შესაძლოა ახლაც მოხდეს.
რუსეთის დანაკარგები უკრაინაში უკვე შემაძრწუნებელია. მონაცემების დაზუსტება ძნელია, რადგან თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ არ გამოქვეყნებულა. მაშინდელი მონაცემებითაც კი, რომელიც უფრო ნაკლებია, ვიდრე რეალური, 1 351 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უკრაინის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 30 000 რუსი დაიღუპა, რაც გადაჭარბებული რიცხვია. თუმცა, ამის ნახევარიც კი, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა აპრილში ჩათვალა, არ იქნება შორს იმ რიცხვიდან, რომელიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ოფიციალურად დაკარგა.
როგორც ლონდონის King’s College-დან გულნაზ შარაფუტდინოვა ამბობს, ავღანეთისა და ჩეჩნეთის პირველი ომისგან განსხვავებით, როცა საზოგადოება უფრო თანასწორი იყო და ყველანაირი ფენა დაზარალდა, ამ კონფლიქტში ჩართული პირები ძირითადად კონტრაქტის მქონე ჯარისკაცები არიან, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებიდან და შორეული რეგიონებიდან, რომლებიც სიღარიბიდან გამოსავალს ეძებენ.
აპრილის დასაწყისში რუსული BBC-ის მიერ გაანალიზებული თითქმის 1 100-იან დაღუპულთა სიაში არ იყო არც ერთი სამხედრო მოსკოვიდან, რომელიც დაახლოებით 13 მილიონიანი ქალაქია. მხოლოდ ხუთი იყო მოსკოვის უფრო ფართო რეგიონიდან და ერთი სანქტ-პეტერბურგიდან. ბურიატიის რესპუბლიკას, სადაც მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 52 დაღუპული სამხედრო ჰყავდა. დაღესტანს კი სამი მილიონი მოსახლეობით - 93.
უკრაინამ ეს შესაძლებლობა შენიშნა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა რუს დედებს. კიევის მთავრობამ შექმნა ცხელი ხაზი და ასევე მართავს ტელეგრამის არხს და ვებსაიტს, სადაც აყვანილი ჯარისკაცების სურათები ქვეყნდება ოჯახებისთვის, რომლებიც მათ ეძებენ.
ეს არის საფრთხე, რომელსაც პუტინი აღიარებს და ებრძვის მას შემდეგ, რაც თებერვლის სამდღიანი ომი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ჯარისა და აღჭურვილობის მძიმე დანაკარგების ფონზე, პუტინმა ახლახან მოხსნა საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ასაკობრივი ზღვარი. ომის გაგრძელებასთან ერთად მას ასევე მოუწევს რეზერვების გამოყენება.
როგორც ბენ ნობლი ამბობს, რომელიც University College London-ში რუსეთის საშინაო პოლიტიკას სწავლობს, ომის მსხვერპლი, ისევე როგორც ეკონომიკური გაჭირვება, რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების საზღვრებს გამოცდის, რადგან ჩვეულებრივი რუსები ორივეს უშუალოდ განიცდიან.
პუტინისთვის ყველაფერს კიდევ რამდენიმე ფაქტორი აუარესებს. პირველი ის, რომ ავტოკრატების სტანდარტებითაც კი, მას უჭირს თანაგრძნობის გამოხატვა, რომელიც საზოგადოებრივი კრიზისის ნავიგაციაში დაეხმარებოდა. როგორც ნობლი ხსნის, ეს არის პერსონალისტური რეჟიმი ადამიანის სახის გარეშე.
შემდეგი არის ის ფაქტი, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიისგან განსხვავებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამოკითხვებში ნაჩვენები პატრიოტული განწყობები ბოლო დროს მნიშვნელოვან შფოთს ავლენს. კითხვაზე, თუ რას გრძნობდნენ გამოკითხულები ომის შესახებ, მარტში უმეტესობამ სიამაყე ახსენა, მაგრამ შემდეგ სენტიმენტი შიშითა და შფოთვით შეიცვალა.
დედებსა და ცოლებს პუტინის ჩამოგდება ან ომის დასრულება არ შეუძლიათ, ისევე როგორც ვერ შეძლეს ჯარების ავღანეთიდან გამოყვანა ან საბჭოთა კავშირის ჩამოშლა. თუმცა, მათი გლოვა და მსხვერპლის მზარდი რაოდენობა, რომელსაც სახელმწიფო მედია მხოლოდ ქება-დიდებით ვეღარ აშუქებს, ჯარს და სახელმწიფოს არაპროგნოზირებადი შედეგებით დააზიანებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი