LIVE

გაფიცვები და მუშახელის დეფიციტი ევროპის აეროპორტებში ქაოსს იწვევს

10 ივნ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
გაფიცვები და მუშახელის დეფიციტი ევროპის აეროპორტებში ქაოსს იწვევს
Geoffrey Van Der Hasselt/AFP/Getty Images

ლოქდაუნის გაუქმების შემდგომი ტურიზმის ბუმი დამსვენებლებისთვის კრიზისად იქცა. ევროპული საავიაციო ინდუსტრია იბრძვის პერსონალის მწვავე დეფიციტის და შრომითი კონფლიქტების დასაძლევად, რაც აიძულებს ავიაკომპანიებს, გააუქმონ ასობით ფრენა ზაფხულის პიკის პერიოდამდე.

მიმდინარე კვირაში Lufthansa-მ, სხვა ავიაკომპანიების მსგავსად, შეამცირა ფრენების განრიგი, რადგან გერმანულ ავიაკომპანიას არ ჰყავს მოთხოვნის შესაბამისი პერსონალი. Lufthansa დაახლოებით 900 ფრენას გააუქმებს ივლისში.

აეროპორტებში შექმნილი ქაოსი დიდ წარუმატებლობაა ინდუსტრიისთვის, რომელიც პანდემიით განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. ავიაკომპანიებმა ერთობლივად დაკარგეს მილიარდობით დოლარის შემოსავალი, რამაც სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ამას დაემატა გაფიცვები. კორპორატიული ლიდერები ცდილობენ, მიუხედავად მზარდი ინფლაციისა, არ გაზარდონ ხელფასები.

“გულდასმით უნდა შევხედოთ, რას გვიმზადებს ზაფხული და როგორ გავუმკლავდებით მას. უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია”,- განაცხადა EasyJet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჰან ლუნდგრენმა პარიზში გამართულ საავიაციო კონფერენციაზე. 

შეფერხებები განსაკუთრებით მძიმე იყო დიდ ბრიტანეთში, თუმცა ევროპული ქალაქები, როგორიცაა ამსტერდამი, ფრანკფურტი და პარიზი, ასევე დაზარალდნენ შეფერხებებისა და გაფიცვების შედეგად. ასევე დაზარალდა საზღვარგარეთის ჰაბები - ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტი, კანადის ყველაზე დატვირთული აეროპორტი, განიცდის ლოდინის პერიოდს და გაუქმებულია ფრენები სამუშაო ძალის დეფიციტის გამო.

Air France-KLM იძულებული გახდა, გაეუქმებინა 85 ფრენა ერთ დღეში პარიზის-შარლ დე გოლის აეროპორტში გაფიცვის გამო, რამდენიმე კი შიფჰოლის აეროპორტში არსებული პრობლემების გამო. გაბრაზებული დამსვენებლები, რომლებიც აეროპორტში გრძელ რიგებში არიან ჩარჩენილნი ან ვერ ახერხებენ სახლში დაბრუნებას, წარმოადგენს დიდ მარცხს იმ სექტორისთვის, რომელიც ზაფხულის სეზონს განიხილავს, როგორც შანსს, ისარგებლოს მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნით.

მოგზაურებს კიდევ უფრო მეტი ქაოსი ელით, რადგან RMT პროფკავშირი გეგმავს სამდღიანი გაფიცვის ორგანიზებას 50,000 რკინიგზის თანამშრომლის მონაწილეობით მიმდინარე თვის ბოლოს. მათ დამსაქმებლებთან ხელფასის ზრდის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

შესაძლოა გაფიცვა გამოაცხადონ Ryanair-ის ბორტგამცილებლებმა ევროპაში. კონტინენტის უდიდესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა მოლაპარაკებები ესპანეთის ორ პროფკავშირთან, რომლებიც შეუერთდნენ ძალებს ბელგიის, საფრანგეთის, იტალიისა და პორტუგალიის მუშათა ორგანიზაციებს, რათა მოემზადონ პან-ევროპული მოქმედებებისთვის, თუ ავიაკომპანია არ დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან.

ქაოსი ასევე ვრცელდება ევროპის ზოგიერთ უფრო შორეულ საავიაციო ბაზარზე. სკანდინავიურ გადამზიდავ SAS-ს, რომელიც ამჟამად მუშაობს $3 მილიარდის რესტრუქტურიზაციის გეგმის უზრუნველყოფაზე, ახლა პილოტების გაფიცვის საფრთხის წინაშეა. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში თითქმის 1 000 მფრინავი გეგმავს სამუშაოს დატოვებას მიმდინარე თვის ბოლოს მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს ახალ კოლექტიური შეთანხმებას ავიაკომპანიასთან.

ინდუსტრიისთვის ახლა ყველაზე დიდი კითხვაა, შეუძლია თუ არა სექტორს, რომელმაც გაათავისუფლა ასობით ათასი თანამშრომელი პანდემიის დროს, დააბრუნოს ისინი სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდასთან გამკლავებისთვის. 

“ადამიანებს არ იზიდავს ზოგიერთი სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და სახმელეთო მომსახურების სფეროში. ხელფასები საკმარისად მიმზიდველი აღარ არის. სამუშაო პირობები ისეთია, როგორიც არის -  ადამიანები იძულებულნი არიან იმუშაონ ცვლაში და შაბათ-კვირას”,- ამბობს ACI Europe-ის აეროპორტის ლობის ხელმძღვანელი, ოლივიე იანკოვეცი.

მაშინ, როცა ბილეთების გაყიდვის მაჩვენებელი სწრაფად გაიზარდა, ავიაციის აღმასრულებლები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს აეროპორტებისთვის და როგორ შეუძლიათ გაუმკლავდნენ მოგზაურთა ნაკადს. მათ შორისაა Air France-KLM-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ სმიტი, რომელსაც არ აქვს სიხარულის მიზეზი ბილეთების თითქმის რეკორდული გაყიდვით.

“ძალიან შეშფოთებულები ვართ აეროპორტების მზადყოფნით”,- განაცხადა სმიტმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტარა პატელი და უილიამ ვილკესი