LIVE

მობილურ აპლიკაციებზე მიჯაჭვულობა იკლებს - მათ შორისაა Facebook

19 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 844
მობილურ აპლიკაციებზე მიჯაჭვულობა იკლებს - მათ შორისაა Facebook

როგორ იქცა Facebook გასულ წელს $1 ტრილიონად შეფასებულ ბიზნესად? ამის მიზეზი არა მხოლოდ ხალხის დაკავშირების შესაძლებლობაა, არამედ ამ ადამიანების საიტზე მიჯაჭვულობის უზრუნველყოფა, რაც ზოგჯერ საათობითაც კი გრძელდება.

Facebook-ის მშობელი Meta-ს პლატფორმები თუ Alphabet-ში შემავალი YouTube და Twitter წლობით მუშაობენ იმისთვის, რომ შექმნან ჩვევებზე მორგებული პროდუქტი და აუდიტორიის რეაქციებზე დამყარებული "ნიუსფიდი".

ინჟინერმა გილიომ ჩესლოტიმ, რომელმაც 2013 წელს დატოვა Google მას შემდეგ რაც YouTube-ის დიზაინის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა, იხსენებს, როგორ სთხოვდნენ გვერდის ისე დაპროგრამებას, რომ მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა საიტზე. ეს მისი შეხედულებით მიჯაჭვულობას იწვევს, თუმცა მაშინ ამას ვერ ხვდებოდა.

ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გიგანტური კომპანიები უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან, უფრო მეტ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისს ვხვდებით, რომელიც ნაკლებად ცდილობს მიჯაჭვულობის გამოწვევას, რაც თავის მხრივ, პოზიტიური ტენდენციაა.

BeReal სოციალური მედიის აპლიკაციაა, რომელიც საფრანგეთში შეიქმნა და რომლის ყველა მომხმარებელმა ყოველ დღე, სხვადასხვა მითითებულ დროს, საკუთარი და საკუთარი გარემოცვის ფოტო უნდა დაპოსტოს. პლაჟზე კარგი რაკურსით გადაღებული სელფის ნაცვლად, აქ ლეპტოპის კლავიატურასა და ხალხით გადაჭედილ ავტობუსს უფრო ხშირად ნახავთ, რაც რეალურ ცხოვრებას ასახავს. 

2022 წლის მაისში, BeReal-ის აპლიკაციის გადმოწერის რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. მათ შორის კი თინეიჯერები და კოლეჯის სტუდენტები ჭარბობდნენ.

აქ ვერ ნახავთ ფილტრიან და დადგმულ ფოტოებს. როგორც 15 წლის ბრიტანელი მომხმარებელი ელისი ამბობს, "ის არ აჩვენებს ყალბი ცხოვრების ფოტოებს, როგორც ამას Instagram-ის ინფლუენსერები აკეთებენ".

ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის რომ BeReal არ იწვევს ისეთ მიჯაჭვულობას, როგორც Instagram. ერთადერთი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ დღეში ერთხელ თქვენი და გარშემომყოფების ფოტო ატვირთოთ. 

სწორედ მსგავსი რუტინა იზიდავს ათობით მილიონ ადამიანს Wordle-ის სამყაროსკენ. New York Times-ის ეს სათამაშო პლატფორმა ყოველ დღე ახლდება და მოთამაშეებსაც მოუწოდებს, განაახლონ თავიანთი შედეგები. 

ის, რაც მომხმარებელს ამ ორივე აპლიკაციაში განსაკუთრებით მოსწონთ, მოლოდინია. კონტენტის ჩვენების ნაცვლად, აპლიკაციები ყოველდღიურ უნიკალურ პრაქტიკას სთავაზობს მომხმარებელს იმისთვის, რომ სხვა მომხმარებლებს ეკონტაქტონ. 

რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მიჯაჭვულობის გაქარწყლების ყველაზე კარგი მაგალითი შესაძლოა, თავად Facebook იყოს. თუ გავიხსენებთ მისი CEO-ს, მარკ ცუკერბერგის მიერ შემოთავაზებულ "მეტავერსს", გასაგებია საითაც მიექანება კომპანია. მას ნაკლები პოტენციალი აქვს მიჯაჭვულობის გამოსაწვევად. ვირტუალურ რეალობაში ფეხის შებიჯება მარტივი საქმე არ არის. ასეთ დროს, როდესაც ვიზუალურად მიისწრაფვით ახალი შეგრძნებების შესაცნობად, ტელეფონზე დასახედად ნაკლებად იცლით.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საშუალო ამერიკელი დღეში 50-დან 100-ჯერ ამოწმებს ტელეფონს. "მეტავერსში" მოგზაურობისას საქმე სხვანაირად იქნება და ტელეფონისთვის ნაკლებად მოიცლით. 

მართალია, ოციოდ წლის წინ ინტერნეტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები კამათობდნენ, რომ ყოველდღიურად ონლაინ ყოფნა რეალურ ცხოვრებასთან რთული შესათავსებელი იქნებოდა. ასევე ბუნდოვანია გამართლდება თუ არა Facebook-ის შეხედულება, რომ "მეტავერსში" ადამიანები დიდ დროს გაატარებენ. "მეტავერსი" სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან Facebook მომხმარებლებს არაერთხელ უჩივლიათ ონლაინ სივრცეში შევიწროების თუ სხვა მავნე პრაქტიკების შესახებ. მორალური პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მის მიმართ მიჯაჭვულობა ერთდროულად ფართოდ გავრცელებულ ზიანსაც იწვევს და ფინანსურ წინსვლასაც.

მხოლოდ გასულ წელს Meta-მ $39.4 მილიარდის მოგება ნახა. მისი მფლობელი მსოფლიოში რიგით მე-17 უმდიდრესი ადამიანია, მაგრამ მისი მომავალი "მეტავერსთან" ერთად ჯერ კიდევ ბუნდოვანია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პარმი ოლსონი