
2008 წლის რეცესიის შემდეგ, მსხვილი, დამკვიდრებული კორპორატიული დამსაქმებლები მოდიდან გადავიდნენ. მათი მოძველებული კულტურა დროს ჩამორჩა და დარჩნენ მუდმივი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რესტრუქტურიზაციის ციკლში.
ტექნოლოგიური სტარტაპები ახალი თაობის დასაქმებულებისთვის შესაფერის ადგილად იქცა. მათი საფეხბურთო მაგიდები, პუფები და თანამედროვე ღირებულებები შეესაბამებოდა ახალგაზრდების სენსიტიურობასა და პრიორიტეტებს.
2022 წელს ტენდენცია ბრუნდება - შრომის ბაზარი კვლავ ძლიერია, მაგრამ სტარტაპების პერსპექტივა უფრო რყევადი ხდება. არასოდეს ყოფილა უკეთესი დრო დიდ კომპანიაში სამუშაოდ წასასვლელად.
თუ თქვენი კარიერა სტარტაპს უკავშირდება, გასაგებია, რომ შესაძლოა პესიმისტური იყოთ ეკონომიკის მდგომარეობის მიმართ. ხანგრძლივი ბუმის შემდეგ, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სტარტაპების უმეტესობა ახლა საბაზრო ფასზე დაბლა ვაჭრობს.
სილიკონის ველის ინვესტორები მოელიან, რომ ეს ზიანს მიაყენებს სტარტაპების ფულადი სახსრების მოზიდვის უნარს, ამიტომ ისინი ურჩევენ კომპანიებს, მოემზადონ ვარდნისთვის. მაისში 15 000-ზე მეტმა ტექნოლოგიურმა მუშაკმა სამსახური დაკარგა.
მსგავსი ჩავარდნა არ არის მთლიან შრომის ბაზარზე. სინამდვილეში, ძნელია საერთოდ სისუსტის ნიშნების დანახვა. შეერთებული შტატების ეკონომიკამ მაისში 390 000 სამუშაო ადგილი შექმნა, რაშიც წვლილი შეიტანა წარმოების სექტორმა, ე.წ. თეთრსაყელოიანმა დასაქმებულებმა და მთავრობამ. საცალო ვაჭრობის სექტორში 60 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. დასაქმების საიტი Indeed.com ყოველკვირეულად აკვირდება ვაკანსიების განცხადებებს და ჯერ კიდევ ბევრია, თუნდაც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის პოზიციებისთვის.
აქვე არის ახალი მიმართულების მაგალითი: ძველ და მოცულობით ბანკს, როგორიცაა Citigroup-ი, აქვს ტექნოლოგიური მუშაკების მზარდი საჭიროება იმ დროს, როდესაც კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმა Coinbase Global-ი სირთულეებს განიცდის. მიმდინარე კვირაში Citigroup-მა გამოაცხადა, რომ დამატებით 4 000 ტექნიკოსს დაიქირავებს, რადგან ცდილობს მოდერნიზდეს ბიზნესის კეთების გზაზე. Coinbase, თავის მხრივ, დაქირავების გაყინვის პროცესშია, რადგან კრიპტოვალუტის ღირებულება მცირდება.
Coinbase შეიძლება იყოს ყველაზე ხმაურიანი კომპანია, რომელმაც $14 მილიონი დახარჯა Super Bowl-ის რეკლამებზე, მაგრამ მას მხოლოდ 5 000 თანამშრომელი ჰყავს. Citigroup-ის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა Coinbase-ის მთელი სამუშაო ძალის 80%-ს შეადგენს.
შრომის ბაზრის ამჟამინდელმა დინამიკამ უნდა მიიყვანოს დასაქმებულები კითხვამდე, თუ მუშაობის რომელი გზა გვთავაზობს მეტ შესაძლებლობას და უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სტარტაპი წარმატებას მიაღწევს, ბევრს მაინც სჭირდება მეტი დრო და ფული საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. თანხების მოზიდვა უფრო რთული გახდა, რადგან სტარტაპები არამიმზიდველი აქტივების კლასად განიხილება და ინვესტორები უფრო სკეპტიკურად განწყობილი ხდებიან მათ მიმართ.
იმავდროულად, რეგულარული კორპორატიული დამსაქმებლები სტაბილურად ზრდიდნენ ხელფასს და სარგებელს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რათა უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყვნენ სილიკონის ველთან.
2010-იანი წლების დასაწყისიდან შეიცვალა სამუშაო ძალის დემოგრაფიაც, რომელსაც შეუძლია აირჩიოს მუშობა სტარტაპებში ან დიდ კორპორატიულ დამსაქმებლებთან. ახალგაზრდა დასაქმებულები, მილენიალები, რომლებიც ატარებდნენ დროს WeWork-ის ოფისებში ან ტექნოლოგიურ ინკუბატორებში ათი წლის წინ, ახლა უკვე 30 წლის არიან და ხშირ შემთხვევაში უწევთ ფიქრი ბავშვებზე, იპოთეკასა და საპენსიო დანაზოგებზე. საშუალო ასაკის მიახლოებისას ჯანდაცვა და მაღალი, სტაბილური ხელფასის მიღება უფრო მიმზიდველი ხდება, ვიდრე საფონდო ოფციონები.
ასე რომ, ახლა დასაქმებულებს არ სჭირდებათ ზედმეტი შფოთვა და ნეგატივი, რომელიც მოდის სილიკონის ველიდან. ამ კომპანიებს ჰქონდათ ფენომენალური წარმატება, მაგრამ უფრო მოსაწყენ კომპანიებს ქვეყნის სხვა ნაწილებში ასევე სჭირდებათ პერსონალი, განსაკუთრებით ტექნოლოგიაში. ისინი მზად არიან ისარგებლონ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნებისმიერი სისუსტით, რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს ეს. ხშირ შემთხვევაში ეს ალბათ უფრო მომგებიანია დასაქმებულებისთვისაც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კონორ სენი