LIVE

ფხაკაძე: ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა ბიზნესომბუდსმენს დაევალა

07 ივნ 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 937
ფხაკაძე: ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა ბიზნესომბუდსმენს დაევალა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ბიზნესომბუდსმენს ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა დაევალა.

ფხაკაძის შეფასებით, ხელისუფლება ინვესტორებს დაბრკოლებებს არ უქმნის და საბჭოს მუშაობა ეფექტურია.

„ჩვენი ასოციაცია ინვესტორთა საბჭოს წევრი პირველივე დღიდანაა. ვფიქრობ, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. არანაირი თეატრალური წარმოდგენა აქ არ არის. სხდომაზე ბინადრობასთან დაკავშირებით საკითხი არ დაგვიყენებია. ამაზე საუბარი ორიოდე სიტყვით იყო და ომბუდსმენს დაევალა, საკითხი შეისწავლოს.

ინვესტორებს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის“ ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემით არასოდეს მოუმართავთ. თუ მოგვმართავენ, იმ დღესვე დავინტერესდებით და ბოლომდე მივხედავთ, რომ საკითხი გადაწყდეს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ორი საკითხი დააყენა.

„ერთი შეეხება შრომით კანონმდებლობას, რომელიც 2019 წელს შეიცვალა. თავის დროზე ჩართულები ვიყავით. ორმა წელმა პრაქტიკაში აჩვენა, რომ რაღაც ხარვეზებია და მინდა, ეს შეიცვალოს. საკითხი ჩვენი წევრების სახელით დავაყენე, რადგან ბევრ კომპანიას აწუხებს. მეორე საკითხი შეეხებოდა ენერგეტიკულ ინდუსტრიას, განსაკუთრებით განახლებად ენერგიას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ექვს თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო. 

ინვესტორთა საბჭოს სხდომას საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC-Georgia) პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. როგორც ICC-ში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან ბოლო წუთს მოხსნაა. 

"როდესაც ინვესტორები რეზიდენტობას ითხოვენ, უსაფრთხოების სამსახურები მათ უარს ეუბნებიან. ან არის შემთხვევები, როდესაც აბრუნებენ აეროპორტიდან. არაერთ ინვესტორს, რომელსაც რეზიდენტის სტატუსი ჩამოართვეს, ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, თუკი სტატუსის დაბრუნება სურთ, 5-დან 15 ათას დოლარამდე უნდა გადაიხადონ. ეს ყველაფერი ინვესტორებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს", - განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

მისი თქმით, ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება.